რა რისკები ახლავს ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობას

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას სპეციალისტები არაერთგვაროვნად აფასებენ. ექსპერტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ რეალურად ეს შეთანხმება საქართველოს ეკონომიკაზე ვერ აისახება და იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რასაც ჩინური პროდუქცია უქადის ქართულ ბაზარს. ნაწილი კი ფაქტს დადებითად აფასებს და მოსალოდნელ რისკებს ვერ ხედავს.

საუბარია შეთანხმებაზე, რომელზეც მოლაპარაკებები 7 თვე მიმდინარეობდა და რომლის თანახმადაც, ქართული პროდუქტები, როგორიცაა - ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტები 2017 წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს, 1.4 მილიარდიან, ჩინურ ბაზარზე ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე შევა. სამომავლოდ აღნიშნული პროდუქციის ჩამონათვალის უფრო გაფართოებაც იგეგმება.

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე, სადაც თითქმის ყველა უდიდესი კომპანიაა წარმოდგენილი, საქართველოს გასატანი არაფერი აქვს. ექსპერტი ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში ჩინური საქონლის მიერ ქართულ ბაზრის წალეკვის საფრთხეებზეც საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მოქალაქეებისთვის კარგია, რადგან ნორმალური და იაფი პროდუქციის ყიდვას შეძლებენ. მეორე მხრივ, კონკურენტუნარიანი პროდუქციის ბაზარზე გამოჩენამ მეწარმეებს შესაძლოა მეტის გაკეთების სტიმული დაუკარგოს.

„უახლოეს წლებში ეს ხელშეკრულება, ისევე როგორ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. რადგან ქვეყანას, სადაც პრიმიტიული წარმოებაა დარჩენილი, სადაც ტექნოლოგიები, ინოვაციები, კონკურენტული გარემო არ არის, სერიოზული პროდუქცია არ იწარმოება, ჩინეთისა თუ ევროპის უზარმაზარ ბაზრებზე არანაირი საქმე აქვს.

ის ღვინო, რაც იწარმოება, ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მცირე შემოსავლის მქონეა. ყველაფერი ერთად რომ გაიყიდოს, მაინც მიზერია ქვეყნისთვის და ამით ეკონომიკა არ იქმნება.

ცოტა გაუგებარია, დღეს ამით გახარება. თითქოს აქამდე ჩინეთის ან ევროპის ბაზარზე გასვლაში რაიმე გვიშლიდა ხელს. ევროპასთან პრეფერენციების სისტემა გვქონდა და 7 200 დასახელების პროდუქტი შეგვეძლო გაგვეტანა, მაგრამ მხოლოდ რაღაც 60 უბადრუკი საქონელი გადიოდა,“-აღნიშნა გიორხელიძემ.

საპირისპირო აზრი აქვს ექსპერტ ზვიად ხორგუაშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ თავისუფალი ვაჭრობა ნებისმიერ ქვეყანასთან მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა და უარყოფითი შედეგი არ აქვს. მისი შეფასებით, ეს საქართველოსთვის ორმაგად მომგებიანი იქნება, რადგან გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი და ამასთან, ჩინეთიდან სხვადასხვა საქონლის შემოტანაც ბევრად იაფად იქნება შესაძლებელი.

„ვაჭრობის გამარტივება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. შეიძლება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ რაიმე ახალი პროდუქციის ექსპორტს და ამ სფეროს განვითარებასაც შეუწყოს ხელი. უფრო იაფად შემოვა საქონელი ჩინეთიდანაც, ეს კი საერთო ჯამში, ადგილობრივი წარმოებისათვის კარგია, რადგან გაიზრდება კონკურენცია, რაც ხარისხსა და ფასზეც იმოქმედებს“,  - თქვა ხორგუაშვილმა.

თავისუფალი ეკონომიკის სკოლის ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე კი აღნიშნავს, რომ „მთავარი და დადებითი მოვლენაა, რომ ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით ფანჯარა იხსნება. თუ რამდენად გამოიყენებენ და ჩაისუნთქავენ იმ ჟანგბადს, რაც შეიძლება ამ ფანჯრიდან შემოვიდეს, ეს უკვე ქართველი მეწარმეების მარიფათსა და ცოდნაზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება, ჩინური პროდუქციის მიერ ქართული ბაზრის წალეკვის საშიშროებას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საერთაშორისო ვაჭრობაზე საქართველოს ცალხმრივი ლიბერალიზება ისედაც აქვს. შესაბამისად, ჩინეთიდან საქონელი ყოველგვარი პრობლემების გარეშე შემოდის. ასე რომ ამ მხრივ არაფერი იცვლება“.

2015 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-6 ადგილზეა - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, სომხეთისა და ბულგარეთის შემდეგ. ბოლო 4 წელია ჩინეთთან ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება. 2016 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით კი, 109 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, იზრდება ჩინეთში ღვინის ექსპორტიც. კერძოდ, 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ზრდამ 184% შეადგინა და 8 თვეში 3 368 361 ბოთლია ექსპორტირებული.