საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დღეს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. წელს საჯარო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები Lenovo ideapad 300S-11IB გადაეცემათ.

როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, კომპიუტერები გადაეცემათ მეათე კლასის იმ მოსწავლეებსაც, რომლებმაც საბაზო საფეხური დამრგვალების გარეშე 10 ქულაზე დაასრულეს.

ოფიციალური ინფორმაციით, წელს სამინისტრომ პირველკლასელებისთვის 55 300 პორტაბელური კომპიუტერი (ბუკი), წარჩინებულებისთვის 2470 პორტაბელური კომპიუტერი, ხოლო პირველკლასელთა დამრიგებლებისთვის - 2530 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, წელს უფასო სახელმძღვანელოებს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს, კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე, ასევე, ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წელს 22 467 38 წიგნი, რვეული და ტესტი დაიბეჭდა.

სასწავლო პროცესი 10 ოქტომბერს განახლდება ლამბალოს საჯარო სკოლაში. კერძო სკოლები კი სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ. საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა 53 540, ხოლო მთლიანად, მოსწავლეთა რაოდენობა 509 120-ია.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო თბილისის საბავშვო ბაღებშიც. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი თბილისის მასშტაბით 165 საბავშვო ბაღში დაიწყება, შემოდგომაზე კი, კიდევ სამი საბავშვო ბაღი გაიხსნება.

მათივე ინფორმაციით, 2016-2017 სასწავლო წლისთვის თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია გამოცხადებული იყო 12 000 თავისუფალ ადგილზე. ზოგიერთ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშოები მიმდინარეობს და ახალი ჯგუფების დამატება იგეგმება.