მსოფლიოში ხორბალი 10-წლიან მინიმუმზეა, საქართველოში კი უძრაობაა

უხვმოსავლიანობის გამო მსოფლიოში ხორბლის ფასი 10-წლიან მინიმუმზეა. დღეს საერთაშორისო ბირჟებზე ერთი ბუშელი, საშუალოდ, 4 დოლარი ღირს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 15 დოლარით შემცირდა საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ღირებულებაც. დღეს ფოთში შემოსული ერთი ტონა მარცვლეული 190 დოლარი ღირს. მიუხედავად ამისა, საბითუმო თუ საცალო ბაზარზე ერთი ტომარა ფქვილი 38-40 ლარად იყიდება. 33-35 ლარად ფქვილს მსხვილი პურის საცხობები ყიდულობენ და ისიც მხოლოდ წისქვილკომბინატებში.

მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ფქვილის ფასი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს, რაც საბოლოოდ ქართულ ბაზარზეც აისახება. ლევან სიაგავას ინფორმაციით, შემცირება შეიძლება მხოლოდ 1-2 ლარით მოხდეს და წისქვილკომბინატებში ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 31-32 ლარი გახდეს. აღსანიშნავია, რომ შარშან ამ დროს ერთი ტომარა ფქვილი 45 ლარი ღირდა.

ხორბლის საერთაშორისო საბჭოს ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ხორბლის წარმოება 2016-17 წლების სეზონში 20 მილიონი ტონით მეტი იქნება და 2046 მილიონ ტონას მიაღწევს. ორგანიზაციის წინა ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2026 მილიონი ტონა იყო. ხორბლის გადაჭარბებული მოსავლის ფონზე ექსპერტები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის კიდევ უფრო გაიაფებას პროგნოზირებენ. საქართველოში ვარაუდობენ, რომ ფასების კლების ტენდენცია საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეც აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად ბურღულეულზე ფასები შემცირდება.

საქართველოს ბაზარი, ცხადია, მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის ბაზართან. წელს რუსეთში ტონა ხორბალი 160 დოლარი ღირს, რაც ძალიან დაბალი ფასია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში 130 მილიონ ტონამდე მოსავალს ელოდებიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ 30 მილიონზე მეტი ქვეყნის გარეთ გაიტანონ. აქედან გამომდინარე, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ფასი ეკონომიკური ლოგიკის მიხედვით, შემოდგომაზე უფრო მეტად უნდა შემცირდეს.

დღეს რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილი ფოთის პორტში 190 დოლარი ღირს. როგორც მეხორბლეთა ასოციაციაში ამბობენ, სავარაუდოდ, ფასი კიდევ დაიწევს: "შეიძლება, კლება არც მოხდეს, რადგან რუსეთში, კერძოდ კი, სტავროპოლსა და კრასნოდარის მხარეში ხორბალი უკვე აიღეს, დაასაწყობეს და ექსპორტზეც გაიტანეს.

შემდეგი პარტია რუსეთის შუაგულიდან უნდა აიღონ და ექსპორტზე გაიტანონ. შეიძლება, ამ დროს ხორბლის ფასი შემცირდეს, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთის შუაგულიდან პორტებამდე ტრანსპორტირებას დამატებით თანხა სჭირდება, ექსპორტზე გასატანად გამზადებული ხორბალი შეიძლება არც გაიაფდეს. ლოგისტიკა ფასს დააბალანსებს", - განუცხადა "რეზონანსს" სილაგავამ.

იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი კიდევ შემცირდა, საქართველოს წისქვილკომბინატებშიც 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 31-32 ლარამდე ჩამოვა: "ეს არის პროგნოზი, თუმცა შეიძლება, მისი გაიაფება არც მოხდეს, ამის წინასწარ თქმა მაინც რთულია", - დასძინა სილაგავამ.

აღსანიშნავია, რომ ხორბლის არნახულ მოსავალზე განცხადება FAO-მაც გაავრცელა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლისთვის მსოფლიოში მარცვლეულის წარმოების პროგნოზი მნიშვნელოვნად, 2 566 მლნ ტონამდე გაზარდა, რაც ივლისის პროგნოზებს 22 მილიონი ტონით აღემატება.

FAO-ს მიერ გამოქვეყნებული მარცვლეულის მიწოდებისა და მოთხოვნის გამოცემის მიხედვით, ზრდა, პირველ რიგში, გამოწვეულია წელს მსოფლიოში ხორბლის რეკორდულად მაღალი მოსავლის მოლოდინით და ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმინდის მოსავლის ზრდით. ხორბლის მოსავლის პროგნოზი ასევე გაიზარდა 71 მილიონ ტონამდე, რაც ეფუძნება პროგნოზების ზრდას ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ინდოეთსა და რუსეთის ფედერაციაში.

სავარაუდოდ, ბრინჯის წარმოებაც წელს ახალ რეკორდულ ნიშნულს - თითქმის 469 000 ტონას მიაღწევს, რაც განპირობებულია აზიის დიდ ნაწილში ამინდის ხელსაყრელი პირობებით, აგრეთვე იმით, რომ ამერიკელი ფერმერების უმეტესობა შედარებით მიმზიდველი ფასის გამო ამ კულტურის მოყვანაზე გადასვლას არჩევს.

ამასთან, FAO-ს არსებითად არ შეუცვლია მომავალი წლისთვის მსოფლიოში მარცვლეულის მოხმარების პროგნოზი, რომელიც, სავარაუდოდ, 1,6 პროცენტით გაიზრდება; მასში წამყვანი ადგილი უკავია სიმინდს და გარკვეულწილად დაბალი ხარისხის ხორბალს, რომელიც პირუტყვის საკვებად გამოიყენება. FAO-ს მარცვლეულით ვაჭრობის პროგნოზმა 2016-17 წლებისთვის თითქმის 9 მილიონი ტონით მოიმატა ხორბლისა და საკვები მარცვლეულის უხვი საექსპორტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

უხვმოსავლიანობის გამო, მწარმოებელ-ექსპორტიორ ქვეყნებს ხორბლის გაყიდვა უჭირთ. იმის გამო, რომ ფასი დაბალია, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება და ფერმერებს ხორბლის ექსპორტზე გადასახადი გაუნულა, თუმცა ჩრდილოელ მეზობელს მარცვლეულის ექსპორტზე გატანა მაინც უჭირს.

გარდა დაბალი ფასისა, რუსული ხორბლის ექსპორტს პრობლემები შეექმნა ეგვიპტეშიც. საქმე ისაა, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და ხორბალს, რომელსაც სოკოს დაავადება სჭირს, თუნდაც ნორმის ფარგლებში (ნორმა 0,05%-ია), ქვეყანაში არ შეუშვებს. ამის გამო, ეგვიპტის ხელისუფლებამ ყველა ტენდერი გააუქმა, მათ შორის - რუსეთთან, უკრაინასთან და ა.შ..

"საპასუხოდ რუსეთმა ეგვიპტურ ციტრუსში რაღაც დაავადება აღმოაჩინა და ახლა მიდის ბრძოლა, ციტრუსსა და ფქვილის ბიზნესს შორის", - აღნიშნა სილაგავამ.

ეზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"