ახალი სასწავლო წლის დაწყება 20 სკოლაში გადაიდო

ახალი სასწავლო წლის დაწყება 20 სკოლაში გადაიდო, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სკოლებში, ზოგან ორი დღით დაგვიანდება სწავლის დაწყება, ზოგან მაქსიმუმ ორი კვირით გადაიდება. აღნიშნულის მიზეზად მინისტრმა სარემონტო სამუშაოების დასრულება დაასახელა.

მისივე თქმით, ამ 20 სკოლიდან 13 ამერიკული სკოლაა და სანამ შესაბამისი კომისია არ ჩაიბარებს, ამ სკოლებში სწავლა არ დაიწყება.

მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ მოსწავლეებს გაკვეთილის საათები შაბათის ხარჯზე აუნაზღაურდებათ.