აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

25-27 სექტემბერს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განაცხადეს, ფესტივალი, რომელიც რეგიონში 2011 წლიდან ტარდება, ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციას.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ლექციები და პრეზენტაციები მოწვეული და ქართველი სპეციალისტების მიერ, რომელსაც აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან. ღონისძიება ასევე ითვალისწინებს გასართობ, შემეცნებით ექსკურსიებს ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, როგორებიცაა კოლხეთის ნაციონალურ პარკი, ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი და ნავსადგური. 27 სექტემბერს კი, სოფელ შუამთის სათვალთვალო პლათფორმასთან მოხდება ფესტივალისა და 2016 წლის ფრინველთა გადაფრენის შედეგების შეჯამება და სტუმრებისთვის გაცნობა.

„ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი რეგიონში უდიდეს პოტენციალს ფლობს. აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოს ოთხეულში შედის, რის გამოც ფესტივალი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. აღნიშნული ფესტივალისთვის ჩვენ მოვაწყვეთ სათვალთვალო პლატფორმა და თავშესაფრის ინფრასტრუქტურა სოფელ შუამთაში. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ იმ საოჯახო სახლების განვითარებას, რომლებიც ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან სოფლებში მდებარეობს. ტურიზმის ამ სახეობას კი, რომელიც აჭარაში ფეხს იდგამს, პოპულარიზაციას ვუწევთ როგორ შიდა ასევე უცხოურ ბაზრებზე ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეო რგოლების შესაბამის თემატურ ვებ-გვერდებსა და სოციალურ მედიაში გავრცელებით,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან პრეზენტაციისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით 2012 წლიდან იმართება. მას მიმდინარე წელს, ბუნების კონსერვაციის საზოგადოება (SABUKO) უწევს ორგანიზებას, რომლის ხელმძღვანელსაც წელს, აჭარაში გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით გაწეული სამსახურისთვის ბუნების კონსერვაციის სფეროში მსოფლიოში პრესტიჟული უიტლის ფონდის ჯილდო გადაეცა. ფესტივალი 25 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბერს დასრულდება.