დავით ნარმანია საცობების შექმნის მთავარ პრობლემად ავტომანქანების რაოდენობის ზრდას ასახელებს

თბილისის მერი დავით ნარმანია საცობების შექმნის მთავარ პრობლემად ავტომანქანების რაოდენობის ზრდას ასახელებს.

დავით ნარმანია საცობებთან მიმართებაში ყველაზე მთავარ პრობლემად ავტომანქანების დიდ რაოდენობას მიიჩნევს.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ბოლო 6 წლის განმავლობაში ავტომანქანების რაოდენობა 200 ათასიდან 400 ათასამდე გაიზარდა. მისი თქმით, ვიწრო ქუჩები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ავტომანქანები თავისუფლად გადაადგილდებოდეს.

დავით ნარმანიას თქმით, მერიას აქვს საცობებისგან განტვირთვის 5-პუნქტიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორის, რამდენიმე მათგანი დასრულდა.

„მაგალითად, მოხდა პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, ასევე თვის ბოლოს ვამთავრებთ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელ გზას. ასევე დასრულებულია სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა. ეს არის ის პროექტები, რომლებმაც ცალკეულ უბნებში ავტომანქანების მოძრაობა უნდა განტვირთოს. გარდა ამისა, ჩვენ საზოგადოების ინფორმირებისთვის კამპანიას ვგეგმავთ, და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, რომ როგორც კი კონკურსები გამოცხადდება, შემოიტანონ განაცხადები. ვმუშაობთ ასევე შუქნიშნების სისტემის განვითარების პროექტზე და ა. შ. იქედან გამომდინარე, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ავტომანქანების რიცხვი 200 ათასიდან 400 ათასამდე გაიზარდა, ეს საკმაოდ დიდი დისკომფორტია, ვიწრო ქუჩები ხშირ შემთხვევაში ვერ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მანქანები თავისუფლად გადაადგილდებოდეს. ამიტომ ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც ავტომანქანების დიდი რიცხვია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.