დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი მიზანია მოხდეს ინფორმირება 24- მილიარდიანი ფონდის შესახებ, რომელზეც წვდომა საქართველოს აქვს

ღონისძიების მიზანია მოხდეს ინფორმირება ყველა დაინტერესებული პირის იმ 24 მილიარდიანი ფონდის შესახებ, რომელზეც წვდომა საქართველოს აქვს , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოპარკში განაცხადა, სადაც ინოვაციური ბიზნესისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ პრეზენტაცია მიმდინარეობს.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, დღეს ევროპის კომისიასთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად საქართველოში ტარდება ღონისძიება, რომლის ძირითადი მიზანია მოხდეს პრეზენტაციები და ინფორმაცია მიეწოდოთ კომერციულ ბანკებს, ინოვაციების განვითარებით დაინტერესებულ ყველა პირს, თუ როგორ უნდა მოახდინონ აპლიკაციების გაკეთება და შემდგომ ფინანსების მიღება იმ 24 მილიარდიანი ფონდიდან, რომელზეც საქართველოს წვდომა მას შემდეგ გაეხსნა, რაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ასევე პროგრამას ,,ჰორიზონტი 2020“.

,,ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა ევროპულ ფონდებზე წვდომის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინოვაციური ბიზნესის დაფინანსებაზე, კვლევების დაფინანსებაზე - ეს არის ძალიან მაღალრისკიანი ბიზნესი და შესაბამისად, კომერციულ ბანკებს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს სჭირდებათ განსაკუთრებული ცოდნა და მხარდაჭერა იმისთვის, რომ აღნიშნული განახორციელონ. სწორედ ამისთვის შექმნილია InnovFin - ეს არის პროგრამა, რომელიც კომერციულ ბანკებს, იმ ინსტიტუტებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ დააფინანსონ ინოვაციური პროექტები, მხარში უდგება და შესაბამისი სპეციალური საგარანტიო პროგრამებით ახდენს გარანტირებას იმისა, რომ აღნიშნული სესხები იქნება დაბრუნებული. ასევე სხვა მრავალი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტების განვითარებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა კომერციული ბანკებისა, პირდაპირ შეეძლებათ პროექტების წარდგენა მომავალში უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებს და ყველა იმ დაწესებულებას, ვინც დაინტერესებულია ინოვაციური ბიზნესიდეების და კვლევების განვითარებით”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ღონისძიებას მთავრობის წამომადგენლები, ფინანსური ოფიცრები, ინოვაციური კომპანიების მენეჯერები, ფინანსური შუამავლები, ქართული სტარტაპები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.