„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, ნუ დაეყრდნობიან მათი კომპანიის სახელით შექმნილ არაოფიციალურ გვერდებზე განთავსებულ მასალებს

სოციალურ ქსელში სხვადასხვა მომხმარებლების მიერ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით შექმნილია რამდენიმე არაოფიციალური გვერდი, რომლის მეშვეობითაც ვრცელდება დეზინფორმაცია ჩვენი კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, - ამასთან დაკავშირებით ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქმედებით ზიანდება როგორც მოსახლეობის, ასევე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინტერესები.

აღნიშნულის თაობაზე კომპანიამ ოფიციალურად საქმის კურსში ჩააყენა შესაბამისი ორგანოები და Facebook-ის ადმინისტრაცია.

”გაცნობებთ, რომ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ გააჩნია ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/KaztransgasTbilisi/, სადაც მუდმივად ქვეყნდება კომპანიის ვებ-გვერდზე www.ktg-tbilisi.ge განთავსებული ყველა საჭირო ინფორმაცია. ასევე სოციალური ქსელის ოფიციალური გვერდის მეშვეობით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოქალაქეთა მომსახურება და მათთვის სასურველ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოუწოდებს სოციალური ქსელების მომხმარებლებს, ნუ დაეყრდნობიან და გაავრცელებენ ჩვენი კომპანიის სახელით შექმნილ არაოფიციალურ და ყალბ გვერდებზე განთავსებულ მასალებს და იხელმძღვანელონ მხოლოდ ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით”, - აცხადებენ კომპანიაში.