ემიგრანტული მეთოდები შეიცვალა, მათი რიცხვი კი გაიზარდა

საქართველოს მოსახლეობას თვალი ისევ ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავს. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მათი ნაწილი ქვეყნიდან დიდი ხნით მიდის. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა შრომითი მიგრანტების რიცხვმაც, თუმცა ისინი ქვეყნიდან მხოლოდ რამდენიმე თვით მიდიან და შემდეგ ისევ ბრუნდებიან. დემოგრაფიული აღორძინების ფონდში ამბობენ, რომ გაზრდილია იმ ახალგაზრდების რიცხვიც, რომლებიც სასწავლებლად ევროპასა და რუსეთში მიემგზავრებიან.

"ზუსტი მონაცემი, თუ რამდენი ადამიანი გავიდა ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყნიდან, არ არსებობს. ამ ინფორმაციის მოწოდება შესაბამის უწყებებს რამდენიმე თვის წინ ვთხოვე, თუმცა ვერ მივიღე. 2002-დან 2014 წლის ჩათვლით კი ქვეყანა 714 ათასმა ადამიანმა დატოვა", - განუცხადა "რეზონანსს" დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ.

არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების რაოდენობა დაახლოებით 1 607 744 ადამიანს შეადგენს. აქედან ყველაზე მეტი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 800 ათასს აღწევს, რომელთაგან 285 915 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, სადაც ქართველთა რიცხვი 250 თასია. მას მოსდევს უკრაინა - 150 ათასი.

საქართველოდან წასული ემიგრანტების სიმრავლით ასევე გამოირჩევა შემდეგი ქვეყნები: თურქეთი - 100 ათასი, აშშ - 80 ათასი, აზერბაიჯანი - 35 000, ესპანეთი - 30 ათასი, გერმანია - 25 ათასი, იტალია - 12 124, ბელგია - 20 000 და ა. შ.

ამასთან, საზღვარგარეთ საქართველოდან მიგრირებული მოქალაქეების დაახლოებით 53% ძიძად, მომვლელად მუშაობს ან სხვა ფიზიკურ საქმიანობას ახორციელებს, 13% სტუდენტია, მხოლოდ 5% ახერხებს რეალიზებას საკუთარი პროფესიით.

2002 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, ანუ აღწერიდან-აღწერამდე მონაცემების მიხედვით, საქართველო სულ 714 ათასმა მოქალაქემ დატოვა. 2014 წლიდან კი რამდენი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან და არ დაბრუნებულა, ინფორმაცია არ არსებობს. ამიტომ, იმაზე საუბარი, მოიმატა თუ არა მიგრაციის მაჩვენებელმა, ერთგვარად რთულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ბრუნდებიან ქვეყნიდან წლების წინ წასული მიგრანტები, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ვინც აქ დამკვიდრებას, სამსახურის შოვნას და საკუთარი თავის განვითარებას ვერ ახერხებს, ისევ უკან მიემგზავრება.

ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტი ვასილ ბარბაქაძეც, რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა საფრანგეთში. 2 წლის წინათ საქართველოში დაბრუნდა, თუმცა აქ "ფეხი ვერ მოიკიდა" და გადაწყვიტა, ოჯახთან ერთად ისევ ევროპაში დაბრუნდეს. ამბობს, რომ თვეში 500-600 ლარიანი სამსახურიც რომ ეშოვა, სამშობლოდან შორს გადახვეწაზე აღარ იფიქრებდა.

"სხვა გამოსავალი არ მაქვს, სამსახური არ არის და ამიტომაც, ოჯახთან ერთად რამდენიმე წლით ისევ ვტოვებ ჩემ სამშობლოს", - გვითხრა ვასილ ბარბაქაძემ.

ნათელა ბაციკაძე თურქეთში მუშაობს და დროდადრო ჩამოდის საქართველოში, რათა საზღვარზე პრობლემა არ შეექმნას: "ძალიან მინდა აქ სამსახური მქონდეს, მაგრამ ვერაფერს ვშოულობ და 3 თვით ჩავდივარ თურქეთში. ვმუშაობ, მერე ვბრუნდები საქართველოში და რამდენიმე დღის შემდეგ ისევ უკან მივდივარ. ჩემსავით ძალიან ბევრი ქართველი მოძრაობს ორ ქვეყანას შორის", - ამბობს ბაციკაძე.

საზღვარგარეთ დროებით სამუშაო მიგრაციაში მყოფი ქართველების რაოდენობა რომ გაიზარდა, ამას დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძეც აღიარებს. ბოლო წლებში იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც ქვეყანას დროებით ტოვებენ, მნიშვნელოვნად იმატა:

"სამცხე-ჯავახეთიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიან რუსეთში სამუშაოდ და შემდეგ ისევ ბრუნდებიან. ასევეა თურქეთში, მიდიან ქართველები, მუშაობენ და შემდეგ ისევ მოდიან.

თუ ადრე შრომითი მიგრანტები მიდიოდნენ და რჩებოდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში, დღეს სიტუაცია შეიცვალა. ისინი ჩადიან და რჩებიან იმ დრომდე, ვიდრე ამას კანონი აძლევს, შემდეგ სავიზო რეჟიმს არ არღვევენ, უკან ჩამოდიან და რამდენიმე დღის თუ თვის შემდეგ ისევ ბრუნდებიან და აგრძელებენ მუშაობას. დღეს შრომითი მიგრანტები უფრო მოძრაობენ, ვიდრე ადრე", - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულთა რაოდენობაც. თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ღარიბაშვილის ინიციატივის შემდეგ, გაიცემა სასწავლო გრანტები და ბევრი ადამიანი მიდის ევროპაში სასწავლებლად.

"ახალგაზრდების სწავლას აფინანსებს ფონდი და ხელშეკრულების თანხამად, ისინი სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. გარდა ევროპისა, უკვე 6 წელია გაიზარდა რუსეთში სასწავლებლად წასულთა რაოდენობაც. მათ აფინანსებს რუსული ფონდი და აქაც სტუდენტები იღებენ ვალდებულებას, რომ შემდეგ საქართველოში დაბრუნდებიან", - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

და კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი მიგრაციასთან დაკავშირებით, რომელიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მიგრაციის ამსახველ მონაცემებში გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის გადინების კუთხით, უპირობო ლიდერი სომხეთია - დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა მოსახლეობის 31%-მა დატოვა. ამას, პირველ რიგში, ხელს უწყობს ქვეყნის ტერიტორიული იზოლაცია, გაყინული კონფლიქტი მეზობლებთან და აქედან გამომდინარე, სამომავლო პერსპექტივების სრული გაურკვევლობა. გარდა ამისა, სომხებს მსოფლიოში დიდი გავლენიანი დიასპორა ჰყავთ.

მეორე ადგილზეა ეკონომიკურად საკმაოდ ძლიერი ყაზახეთი. სავარაუდოდ, მიგრაციას ამ ქვეყნიდან აქვს არა ეკონომიკური, არამედ ეთნიკური ხასიათი. ყაზახეთს, ძირითადად, რუსი მოსახლეობა ტოვებს. მესამე ადგილზეა მოლდოვა - 21,9% - იანი მიგრაციით.

საქართველო ოდნავ ჩამორჩება მოლდოვას და მე-4 ადგილზეა. დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობა 21%-ით შემცირდა.

სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიგრაციის დონე შემდეგნაირია: ლიტვა - 18,9%, ლატვია - 17%, ესტონეთი - 15%, ბელორუსი - 15%, უკრაინა - 13%, ყირგიზეთი - 12,8%, აზერბაიჯანი - 11,8%, რუსეთი - 7%, ტაჯიკეთი - 7%, უზბეკეთი - 6,7%. მიგრაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია თურქმენეთში - 4,5%.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"