როგორ აისახება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ქვეყნის ეკონომიკაზე?

2008 წელს რეფინანსირების განაკვეთი 12% იყო, ხოლო 2013 წლის ბოლოს - 3,75%. 

რამდენიმე დღის წინ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ ერთხელ, 6,5%-მდე შეამცირა.

პროგნოზის მიხედვით, გამორიცხული არ არის, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტამდე შემცირდეს. ექსპერტები და საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ ამ მნიშვნელოვანი მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია აშკარაა.

როგორც თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჭარაიამ, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კლების ტენდენცია მართლაც იკვეთება, მაგრამ ეს ჯერჯერობით ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ვერ ახდენს: „თუ წარსულს გადავხედავთ, რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალ ნიშნულზე 2008 წელს იყო - 12%, თუმცა შემდეგ თანდათან შემცირდა და 2013 წლის ბოლოს უკიდურესად დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა - 3,75 პროცენტი გახდა. ეს იყო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო წლებში. 2014 წლის დასაწყისიდან რეფინანასირების განაკვეთი კვლავ მატულობს და 2016 წლის დასაწყისში 8 პროცენტამდე ადის. ამის შემდეგ მისი შემცირება ეტაპობრივად მიმდინარეობდა და დღეს უკვე 6,5 პროცენტია“.

როგორ იმოქმედებს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ტენდენცია ჩვენს ეკონომიკაზე? - „ბიზნესპრესნიუსმა“ ეს შეკითხვა ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილ წევრს, პროფესორ მიხეილ თოქმაჯიშვილს დაუსვა.

“საერთოდ, რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა ქვეყანაში ინფლაციის საშიშროება. თუ ასეთი საშიშროება არის, რეფინანსირების განაკვეთი იზრდება და თუ პირიქით, არ არსებობს, მაშინ მცირდება. რეფინანსირების განაკვეთი არის დაკრედიტების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ეკონომიკას განვითარებაში ეხმარება. ამიტომ, როდესაც ინფლაციის საშიშროება არ არსებობს, ეროვნული ბანკი ცდილობს ეს განაკვეთი შეამციროს და კომერციული ბანკების მეშვეობით მეტი ფული მიაწოდოს ეკონომიკას. ამდენად, რეფინანსირების განაკვეთი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სტაბილურია ეკონომიკა და რამდენად მოსალოდნელია ფასების ცვლილება. საქართველოში ინფლაციის მოლოდინი 5%-ია, მაგრამ ამჟამად მისი მაჩვენებელი ძალიან დაბალია - 0,9 %-ს აღწევს. რადგან მომავალში განსაკუთრებული რისკები არ ჩანს და დაგეგმილ ინფლაციასა და დღევანდელ მაჩვენებელს შორის სხვაობა საკმარისია, ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება, რომ ფულის მოწოდება გაზარდოს”, - აღნიშნავს მიხეილ თოქმაჯიშვილი.

მისი შეფასებით, თუ მიზნობრივი ინფლაცია თანდათან შემცირდება და დაახლოებით 3%-მდე დაიწევს, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და რეფინანსირების განაკვეთიც დაიკლებს.

„თუ მიზნობრივი ინფლაცია სულ 5 პროცენტი იქნება, მაშინ საპროცენტო განაკვეთებიც გაიყინება და გაცემული სესხების მოცულობაც, ამიტომ, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ყველანაირად იზრუნოს ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე. საერთოდ, რეფინანასირების განაკვეთის შემცირება პირდაპირ მოქმედებს კომერციული ბანკების საქმიანობაზე, რადგან ამ შემთხვევაში მათ საშუალება აქვთ, მეტი კრედიტი გასცენ და თავიანთი საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზეც იზრუნონ. ეს არის ყველაზე ძლიერი ბერკეტი, რომლითაც ეროვნული ბანკი ზემოქმედებს კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთებზე და კრედიტების მიწოდებაზე. რაც უფრო ნაკლები იქნება რეფინანსირების განაკვეთი, მით უფრო შემცირდება საპროცენტო განაკვეთი კომერციული ბანკების კრედიტებზე. თუ ინფლაციური მოლოდინიც ნაკლები იქნება და საპროცენტო განაკვეთებიც შემცირდება, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ეკონომიკის სტიმულირებას, მაგრამ ეს არ არის ერთი და ორი წლის ამბავი, წლების განმავლობაში უნდა შევძლოთ, რომ კრედიტების როლი ჩვენს ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიზარდოს“, - აღნიშნავს მიხეილ თოქმაჯიშვილი.

მისივე თქმით, „რადგან ახლა ინფლაცია ჩვენს ქვეყანაში 0,9 პროცენტია და ინფლაციური მოლოდინიც ნაკლებია, უნდა ველოდოთ, რომ ეროვნული ბანკი რეფინანასირების განაკვეთს კიდევ შეამცირებს, თუ რაღაც მკვეთრი ცვლილებები არ მოხდება საქართველოსა და იმ ქვეყნების ეკონომიკაში, რომლებთანაც მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს.“

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ გამორიცხავს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაიაც.

„ეროვნულ ბანკს გარკვეული პერიოდის წინ საპირისპირო გეზი ჰქონდა არჩეული, როდესაც ის რეფინანსირების განაკვეთს ზრდიდა, მაგრამ ბოლო ხანებში მან განაკვეთის შემცირება დაიწყო. როგორც ჩანს, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ცდილობს ადგილობრივ ეკონომიკაზე ზემოქმედება მოახდინოს და ეროვნული ვალუტის რესურსზე წვდომა გაზარდოს. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელიც დაბალია, თუმცა, 0,5%-იანი შემცირება ბევრს ვერაფერს შეცვლის. რეფინანასირების განაკვეთი 1%-ით მაინც რომ შემცირებულიყო, ეს უფრო დიდი სტიმული იქნებოდა ეკონომიკისთვის და ლარზე მოთხოვნაც უფრო მოიმატებდა. ჩემი აზრით ასეთი შემცირება ვერ იქნება სერიოზული შედეგის მომტანი, ეს მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხება, რომელთა სესხიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, თუმცა ამ ხალხის რაოდენობა ძალზე მცირეა. ეს არის სტიმული, რომ ეკონომიკური აქტივობა გამოცოცხლდეს, თუმცა ეს არ არის სერიოზული ცვლილება“, - ამბობს ვახტანგ ჭარაია.

ვახტანგ ჭარაიას თქმით, „თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, რისი ალბათობაც მაღალია, მაშინ კომერციული ბანკები და მათი კლიენტებიც მეტად იხეირებენ და ეკონომიკაც უფრო გამოცოცხლდება. ეს ხელს შეუწყობს ლარის მიმოქცევის გაზრდას ქვეყანაში, თუმცა ყველა მოვლენას აქვს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მხარე. რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაც, ერთი მხრივ ძალიან პოზიტიური მოვლენა ჩანს, მაგრამ მას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. ნებისმიერ შეთხვევაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი მხოლოდ 6%-მდე შემცირდება, როგორც ამას პროგნოზირებენ, ბევრი არაფერი შეიცვლება. რა მოხდება გრძელვადიან პერიოდში? - ეს უკვე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და ძნელი სათქმელია“.

ხათუნა ჩიგოგიძე