საქართველოში ჩინური ინვესტიციით შუშის ბოთლების წარმოება იგეგმება

ჩინელი ინვესტორები საპარტნიორო ფონდთან შუშის ბოთლების წარმოების პროექტს განიხილავენ. როგორც საპარტნიორო ფონდში განაცხადეს, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში „ჩინეთის ნაციონალური იმპორტ-ექსპორტის კორპორაციის“ (CNTIC-ის) ვიცე პრეზიდენტი ჭანგ ჭონგხუა, „ჩინეთის შუშის ინდუსტრიის, დიზაინისა და კვლევის ინსტიტუტის“ (CNBM -ის) დირექტორი სია ხუ და ჩინეთის „TouchStone Financial Group Holdings ltd”-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ქენი სონგი მიიღო. ჩინური ინვესტიციით საქართველოში შუშის ბოთლების წარმოების დაწყება იგეგმება.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შუშის ბოთლების წარმოების საინვესტიციო პროექტის დეტალებზე იმსჯელეს. ჩინეთის უმსხვილესი კომპანიები საქართველოში ბიზნესის დაწყებას ქვეყნის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში განიხილავენ. ჩინელი ინვესტორები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან.

ფონდის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ბიზნესგარემო შეაფასეს და განაცხადეს, რომ საქართველოში შუშის ბოთლების წარმოება იმპორტს ჩაანაცვლებს, ადგილზე წარმოებულ პროდუქციას გააიაფებს და სამუშაო ადგილებს შექმნის.

შუშის წარმოების დაწყების საკითხი საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნესწრეებთნ შეხვედრის დროს შეთანხმდა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ფონდის მენეჯმენტთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით ამა წლის მარტში იმყოფებოდა.