აჭარაში ბელორუსი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა იზრდება

ბოლო წლებში განსაკუთრებით მზარდია რეგიონში ბელორუსი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა , - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის რვა თვეში ბელორუსი ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში 19,73% -ით გაიზარდა. აჭარისთვის ბელორუსი წელსაც რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრად, სადაც რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მარტიდან ახორციელებს.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, სარეკლამო კამპანიები დეპარტამენტმა ბელორუსის დედაქალაქ მისკსა და ბრესტში გარე რეკლამით დაიწყო. აღნიშნული ქალაქების ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე 61 ბილბორდი 2 თვის განმავლობაში იწვევდა ბელორუსების დაინტერესებას რეგიონის ტურისტული პროდუქტებით. გარდა სტანდარტული ბილბორდებისა, მინსკის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე განთავსებული იყო ბილბორდი, რომელზეც ყოველდღე ახლდებოდა ინფორმაცია ბათუმში იმ დღეს არსებული ამინდის პროგნოზის შესახებ. 1 თვის განმავლობაში ბილბორდების საერთო წვდომამ 1 500 000 000 შეადგინა.

რაც შეეხება პიარ აქტივობებს, ბელორუსში ჩატარებული ღონისძიებებიდან გამორჩეული იყო „აჭარის დღე“, რომელსაც მინსკში პოპულარული მედიასაშუალებებისა და ტურსააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილმა ფოლკლორმა, სამზარეულომ და მასტერკლასებმა სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რაც შემდგომ ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებულ მასალებში აისახა. აჭარის ტურისტული პოტენციალისა და მინსკში დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პიარ კამპანიების შესახებ რადიოში, ტელევიზიაში, ბეჭდურ და ონლაინ მედია საშუალებებში გამოქვეყნებული სტატიების, ბლოგებისა და ტელე-რადიო სიუჟეტების საერთო წვდომამ 7 685 000 მიაღწია.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, დეპარტამენტმა რეგიონი ასევე წარადგინა ტურისტულ გამოფენაზე Отдых, სადაც ქართული მოტივებით შექმნილ ინდივიდუალურ სტენდზე გარდა სარეკლამო მასალებისა, ქართული ფოლკლორი, კერძები და ღვინო იყო წარმოდგენილი. პიარკამპანიების ფარგლებში შეიქმნა აჭარის ინტერაქტიური რუკაც, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე gobatumi.com განთავსდება. რუკა სამენოვანია და მასზე აჭარაში არსებული რესტორნები, ქართული კერძები და რეცეპტები, ასევე ტურისტული ღირშესანიშნაობები და მარშრუტები იქნება განთავსებული.

მათივე ცნობით, რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით ბელორუსში, ონლაინ სირცეში ჩატარდა ფოტოკონკურსებიც, რომელშიც ასობით ადამიანი იყო ჩართული. რეგიონში გასტონომიული ტურიზმის პოპულარობის მიზნით დეპარტამენტმა ორგანიზება გაუწია პრესტურს, რომლის ფარგლებშიც აჭარას პოპულარული მედიასაშუალებების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. პრესტურის ფარგლებში, ქართული სამზარეულოს შესახებ 12-ზე მეტი ტელესიუჟეტი და სტატია გამოქვეყნდა ონლაინ-ბეჭდურ მედიაში. სტატიებისა და სიუჟეტების საერთო წვდომამ კი 4 მილიონს გადააჭარბა.

აჭარის შესახებ სტატიებისა და სიუჟეტების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: