დიმიტრი ქუმსიშვილი - მაგისტრალების განვითარებისთვის დამატებითი 3,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციებია საჭირო

სივრცითი მოწყობის კონცეფცია პრინციპულად ცვლის მთლიან საქართველოს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

ქუმსიშვილის თქმით, ეს არის გრძელვადიანი ხედვა ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური განვითარების და ასევე არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში უსაფრთხოება და ტერიტორიები იქნება დაცული.

„პროექტის ძირითადი ღერძები არის საგზაო მაგისტრალები, ეს არის ის არტერიები, რომელთაც, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩააქვს სისხლი და ჟანგბადი რეგიონებში და გვაძლევს შესაძლებლობას სრულად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. როდესაც ჩვენ გვაქვს გზა, სატრანსპორტო პოტენციალი, რომელიც იძლევა კომუნიკაციის შესაძლებლობას, ეს ზრდის ეკონომიკას. თვითონ კონცეფცია, რომელიც იყო წარმოდგენილი, პრინციპულად ცვლის მთლიანად საქართველოს. ეს არის კონცეფცია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას უნიკალური მარშუტები შეიქმნას ტურიზმის განვითარებისთვის. იგი მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხითაც, ვინაიდან მთლიანი რეგიონები იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც არის მცირემიწიანი, ძალიან მნიშვნელოვანია საზღვრების დაცვა და ეს იქნება გადაწყვეტილი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ სივრცითი განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ მთლიანი ქვეყანა, როგორ, სად, რა შეიძლება განვითარდეს და სად ჩაიდოს ინვესტიციები“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

რაც შეეხება პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხებს, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ცენტრალური მაგისტრალების განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი 3,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციები. რაც შეეხება ტურისტული ინფრასტრუქტურის პოტენციალს, ქუმსიშვილის თქმით, მთავრობის გათვლებით აქ დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება კერძო სექტორის მიერ.

საქართველოს სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.