გურიაში ტურისტული კომპლექსების მშენებლობა იგეგმება

კორპორაცია ,,ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრსა“ და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

როგორც  გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პრესსამსახურში განაცხადეს,  მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობას, პროექტის ,,შავი ზღვის მარგალიტის“ ფარგლებში, გურიის ტერიტორიაზე ურბანული და სამრეწველო დაგეგმარების/განაშენიანების პროექტირების სამუშაოების განხორცილებას ”თავისუფალი ინდუსტრიული, თავისუფალი ტურისტული ზონის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. კერძოდ, აგროსამრეწველო და ტურისტული კომპლექსების მშენებლობასა და განთავსებას.

“ერთი წელია, რაც ჩვენ კომპანიასთან ,,შავი ზღვის მარგალიტის“ პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ. მათ გურიის ტერიტორიაზე 150 000 000 აშშ დოლარის ღირებულების რამდენიმე პროექტი წარმოადგინეს და დღეს დაემატა მესამე პროექტი, რომელიც 60 000 000 ევროს შეადგენს. ეს ძალიან კარგი სიახლე გახლავთ გურიისთვის, ვინაიდან უამრავი ადამიანის დასაქმების პერსპექტივა გაჩნდა“, - აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.

მათივე ინფორმაციით, ამ მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად ადმინისტრაცია აცხადებს მზადყოფნას აღმოუჩინოს ინტელექტუალური დახმარება ,,კორპორაციას” და გაუწიოს კონსულტაციები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის რეგიონის შესაძლებლობების შესწავლაში რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის შედგენის მიზნით; გაუწიოს რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს კორპორაციას სხვადასხვა ორგანზიაციასთან, უწყებებთან და კერძო კომპანიებთან კონკრეტული პროექტების განხორციელებისათვის; მოახდინოს შუამდგომლობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან აღნიშნული ტერიტორიების საკუთრების უფლებით გადმოცემისა და თავისუფალი ინდუსტრიული, თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის თაობაზე. თავის მხრივ, კორპორაცია აცხადებს მზადყოფნას, იმუშაოს მემორანდუმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად; მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების გადასაჭრელად განახორციელოს დაფინანსება 150 000 000 (ას ორმოცდაათი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით; საკუთარი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი მოახმაროს ამ მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების მიღწევას.