გიორგი კვირიკაშვილი - "სილიკონ ველი თბილისი"  ძირეულ ცვლილებებს შეიტანს მაღალი ტექნოლოგიებისა და მთლიანად ტექნიკური განათლების მიმართულებით

ძალიან მახარებს, რომ კერძო ინვესტორებმა აიტაცეს ინიციატივა და თბილისში დღეს უკვე ვხსნით ახალ, კერძო, მაღალტექნოლოგიურ ცენტრს ”სილიკონ ველი თბილისი”.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრის, „სილიკონ ველი თბილისის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს არის პროექტი, რომელიც ძირეულ ცვლილებებს შეიტანს მაღალი ტექნოლოგიების და მთლიანად ტექნიკური განათლების მიმართულებით და რომელიც იქნება მართლაც თვისობრივი ცვლილებების შემტანი ქვეყნის განვითარებაში.

”დღეს ღირსშესანიშნავი თარიღია ყველა ბავშვის ცხოვრებაში. მე ძალიან კარგად მახსოვს შერეული ემოციები - ერთის მხრივ, მეგობრების ნახვის სიხარული და მეორეს მხრივ, ცოტა სიზარმაცეც სწავლასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად არის ძალიან დადებითი და მე მინდა გისურვოთ წარმატებები ყველას. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ვხსნით სრულიად ახალ, პირველ კერძო მაღალტექნოლოგიურ ცენტრს, ”სილიკონ ველი თბილისი”. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და მიხარია, რომ პირველი კერძო ინვესტიცია არის ასეთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებით. ძალიან სასიხარულოა, რომ მთავრობის ინიციატივები ასე აიტაცა კერძო სექტორმა. ჩვენ გვახარებს ის კომპლექსური ხედვა, რომელიც ამ ჯგუფს გააჩნია და ის ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნება, რომელიც აქ არის - ეს არის სკოლები, მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი, IT მიმართულება, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება, ლაბორატორიები, ტრენინგცენტრები და ა.შ.”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ცენტრში არსებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ინოვაციური აზროვნების და სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებას ქვეყანაში და იქნება დამხმარე ინფრასტრუქტურა ყველა ინოვაციურად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის და არა მარტო ახალგაზრდისათვის.

”ძალიან კარგია, რომ ამ ცენტრის ბაზაზე იმუშავებს დუალური განათლების, პროფესიული განათლების მოდელი, რომელიც ერთდროულად ითვალისწინებს სწავლას და მუშაობას და პირდაპირ მიმართულია დასაქმებისკენ, ეს პირდაპირ ეხმიანება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში დაიწყო მართლაც უპრეცედენტო საუკუნის პროექტის - ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, ეს გახლავთ ერთი მლრდ ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც თბილისში არსებულ ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად, ერთ დიდ ძალიან მნიშვნელოვან კომპლექსს ქმნის და აშენების შემდეგ გადმოეცემა მთავრობას. ეს არის პროექტი, რომელიც ძირეულ ცვლილებებს შეიტანს მაღალი ტექნოლოგიების და მთლიანად ტექნიკური განათლების მიმართულებით და რომელიც იქნება მართლაც თვისობრივი ცვლილებების შემტანი ქვეყნის განვითარებაში”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი ცენტრით საქართველო გახდება მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა.

”მე ძალიან მახარებს, რომ კერძო ინვესტორებმა აიტაცეს ეს ინიციატივა და თბილისში დღეს უკვე ვხსნით ახალ, კერძოდ, მაღალტექნოლოგიურ ცენტრს ”სილიკონ ველი თბილისი”. ეს არის მართლაც მისალოცი ყველასთვის, ყველა თქვენთაგანისთვის, უპირველეს ყოვლისა, თქვენთვის, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან ადილას იღებთ განათლებას და ვულოცავ პირველ რიგში კერძო მეწარმეებს, ვინც ეს ინიციატივა გამოიჩინა. გილოცავთ, დიდი მადლობა ყველას, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია საქართველოს განვითარებაში, რომელიც სტრუქტურულად შეცვლის ჩვენს ეკონომიკას და საქართველოს განათლებას ექსპორტზე გაიტანს, ამით საქართველო გახდება მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა”, - განაცხადა გიორგი კირიკაშვილმა.