სამეგრელოში მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

სამეგრელოში, სენაკის რაიონში მარცვლეულის გადამამუშავებელი პირველი საწარმო შენდება.

საწარმოს მშენებლობას კომპანია „აგრო ზანა“ ახორციელებს.

როგორც საწარმოს ერთ-ერთმა დამაარსებელმა სოსო მალანიამ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, ამ ეტაპზე საშრობი, საწმენდი და სასაწყობე მეურნეობის მოწყობა მიმდინარეობს.

მალანია აღნიშნავს, რომ მიმდინარე სამუშაოები, რომელზეც დაახლოებით, 30 ადამიანია დასაქმებული, ოქტომბრის ბოლოსკენ დასრულდება. შესაბამისად, უკვე ნოემბრიდან საწარმო მარცვლეულის მიღება-გადამუშავებას დაიწყებს.

მისივე ცნობით, საწარმოში თავდაპირველად დაახლოებით, 2-3 ათასი ტონა, ადგილობრივი გლეხებისგან მოყვანილი მარცვლეული გადამუშავდება, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდება.

აღნიშნული პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარამდეა.

ცნობისთვის, კომპანია "აგრო ზანამ’", რომელიც 4 ძმა მალანიების დაარსებულია, 2013 წელს მის მიერ წარმოებული ბრინჯის პირველი მოსავალი აიღო. თუმცა, როგორც სოსო მალანიამ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, გასულ წელს, ბრინჯის წარმოება შეაჩერეს, რადგან ეს დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამასთან საჭიროებდა მაღალკვალიფიციურ მუშა-ხელს, რისი რესურსიც საქართველოს არ აქვს.

მანვე ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნოემბრიდან საწარმო მხოლოდ სხვადასხვა ადგილობრივ მარცვლეულს, (სიმინდს, სოიოს, და ა.შ.) გადაამუშავებს. ხოლო ბრინჯის წარმოების განახლებას დაახლოებით 2018 -2019 წლიდან გეგმავს.

.