ზარალის დათვლის მეთოდოლოგიის შემუშავებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, ზარალის დათვლის მეთოდოლოგიისა და მართვის მექანიზმის შემუშავებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

როგორც საბჭოს პრესსამსახურში განაცხადეს, მასში მონაწილეობდნენ სამინისტროების და საქვეუწყებო ორგანიზაციების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგნელები.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო ზარალის დათვლის ერთიანი მეთოდოლოგიისა და მართვის მექანიზმის შემუშავების მიზნით საბჭოს აპარატის მიერ შემუშავებული ხედვის წარდგენა პროცესში ჩართული უწყებებისთვის, ასევე ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის (PPRD East 2) ფარგლებში ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება და ამავე პროგრამიდან შესაძლო მხარდამჭერი ქმედებების განხილვა და შეთანხმება.

”სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი კოორდინაციას უწევს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესს. შემუშავებულია საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და მზადდება კატასტროფების შემცირების სტრატეგია (DRR). ვინაიდან მსგავსი სტრატეგია პირველად მზადდება, გამოიკვეთა ზარალის/ზიანის სტანდარტიზებული ფორმით დათვლისა და მართვის საკითხზე მუშაობის აუცილებლობა. სანდო და მაქსიმალურად სრული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი მნიშვნელოვანია კატასტროფებით გამოწვეული, თუ მოსალოდნელი ზიანის აღრიცხვის, თავიდან აცილებისა და შესამცირებლად სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად”, - ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისების მართვის ცენტრის დირექტორი გიორგი ღიბრაძე, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე რევია და ევროკავშირის პროექტის ექსპერტი მარკო მოსაბო.