გიორგი კვირიკაშვილი - GPS ნავიგაციის სისტემის მონაცემთა ბაზაში საქართველოს ყველა მოსახვევი, ყველა პატარა თუ დიდი გზა იქნება დატანილი

GPS ნავიგაციის სისტემაში საქართველოს ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემთა ბაზა შეიქმნება.როგორც პრემიერმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, მონაცემთა ბაზაში „საქართველოს ყველა მოსახვევი, ყველა პატარა თუ დიდი გზა, ძალიან დიდი სიზუსტით დატანილი იქნება“.

„საქართველო მართლაც ერთი დიდი მუზეუმია, რომელიც უნიკალურია მსოფლიოში და არ შეიძლება, ამ ძეგლების მოვლა-პატრონობას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ასევე, არ შეიძლება, არ ავაშენოთ საჭირო ინფრასტრუქტურა ისე, რომ ყველა ძეგლი გავხადოთ მნიშვნელოვანი და საინტერესო საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის. მინდა, დავაანონსო, რომ ჩვენ ორი დღის წინ დავიწყეთ სრულიად ახალ პროექტზე მუშაობა - ეს გახლავთ საქართველოს მთელი ამ ინფრასტრუქტურის GPS ნავიგაციის სისტემაში, მონაცემთა ბაზის ე.წ „ქლაუდის“ შექმნა, რომელიც თავსებადი იქნება მსოფლიოში არსებულ ყველა ასეთ მოწყობილობასთან. ნებისმიერი სისტემით, რომელიც კი დღეს მსოფლიოში არსებობს, შესაძლებელი იქნება, საქართველოში ნებისმიერ სასაზღვრო პუნქტთან ჩამოსვლა და ყველა მოსახვევი, ყველა პატარა თუ დიდი გზა, ძალიან დიდი სიზუსტით დატანილი იქნება მონაცემთა ბაზაში. ამ მიმართულებით, მცირე კომპანიებმა გარკვეული სამუშაოები დაიწყეს, მაგრამ სამუშაო იმდენად მოცულობითია, რომ ვერც ერთმა მათგანმა ეს სამუშაო ვერ აწია. ამიტომ, ვფიქრობთ, სახელმწიფოს ჩართულობა ამ პროექტის განხორციელებაში იქნება უმნიშვნელოვანესი და ვფიქრობთ, ამ პროექტის განხორციელებით საქართველო და ტურიზმი საქართველოში გახდება აბსოლუტურად განსხვავებული. ნებისმიერი ჩამომსვლელი ტურისტი შეძლებს, GPS-ნავიგატორის მეშვეობით მივიდეს ნებისმიერ წერტილში, მოიძიოს ტურისტული მიმართულებები, სასტუმროები, რესტორნები, ბენზინგასამართი სადგურები, ავტოპარკინგი, საფოსტო კოდების მეშვეობით მივიდეს ნებისმიერ წერტილში და ეს ყველაფერი, საქართველოში ჩამოსვლას, ხარისხობრივად განსხვავებულს გახდის“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მისივე განმარტებით, პროექტის განხორციელება ორი დღის წინ დაიწყეს და ფიქრობს, რომ ის იქნება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოს სივრცითი მოწყობისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით.