საქართველოში მინერალური პროდუქტების და საფეიქრო ტექსტილის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რამდენიმე პროექტი დამტკიცდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს იქნება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო არქევანში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო და მას 10 650 კვ/მ მიწა სიმბოლურ ფასად გადაეცემა.

„კომპანიამ უნდა განახორციელოს მინერალური პროდუქტების საწარმოს მშენებლობა და დაასაქმებს დაახლოებით 10-მდე ადამიანს“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, ფოთში, საფეიქრო ტექსტილის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება. ამ მიზნით კომპანია 9 136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„საწარმოში 1000 ადამიანი დასაქმდება. ეს არის ძალიან მსხვილი საფეიქრო ტექსტილის მწარმოებელი კომპანია და მას სიმბოლურ ფასად 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები გადაეცემა, რომელიც დღესდღეობით უვარგისია, მაგრამ ეს კომპანია აპირებს განაახლოს და იქ ახალი საწარმო ააშენოს“, -განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთ კომპანიას, რომელმაც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში უკვე შექმნა მეფრინველეობის კომპლექსი, საწარმოს გაფართოების მიზნით საკუთრებაში გადაეცემა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე 1,4 ჰეტარი მიწის ნაკვეთი.