სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესფორუმს რეგიონიდან 175 მეწარმე დაესწრო

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, რეგიონული ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყველა რეგიონიდან 175 მეწარმე დაესწრო.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტის - ”ღია დიალოგი ბიზნესთან” დასკვნითი ღონისძიებაა, რომელიც ბიზნესის პრობლემების მთავრობისთვის გაცნობას ემსახურება.

რეგიონულ ბიზნესის ფორუმს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი თაბუაშვილი, მინისტრების მოადგილეები, სხვა სამთავრობო უწყებათა ხელმძღვანელი პირები, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და მოწვეული მეწარმეები დაესწრნენ.

ფორუმი ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ამის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა სამთავრობო უწყებების პრეზენტაციები. შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა მეწარმეების შეკითხვებს უპასუხეს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესთან შეხვედრას კარგი და სასარგებლო უწოდა. მან სავაჭრო-სამრწეველო პალატას ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

”სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პრაქტიკულად მთელი საქართველო შემოიარა და ყველგან გამართა შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესთან. დღეს იყო შემაჯამებელი შეხვედრა. რეგიონებში გამართული შეხვედრების მიზანი სახელმწიფო პროგრამების გაცნობა და არსებული პრობლემატიკის შესწავლა იყო. მე მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდი მცირე და საშუალო ბიზნესს, ისინი არიან ძალიან მონდომებულები, რომ თავიანთი ბიზნესი აკეთონ და განავითარონ. პრობლემატიკა შეეხებოდა როგორც ევროპის ბაზარზე შესვლას, ასევე ხარისხიან პროდუქციას, მომსახურებების მიწოდებას და ა.შ. ჩვენ ყველა საკითხს ან ადგილზე გავეცით პასუხი ან მოვინიშნეთ და შემდეგში გავცემთ პასუხს. ასეთი შეხვედრები ძალიან კარგია”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

თავის მხრივ, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტის ”ღია დიალოგი ბიზნესთან” ფარგლებში, შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში მეწამეებთან გაიმართა.

”ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, იმ პრობლემატიკისა და საჭიროებების განსახილველად, რაც მეწარმეებს აწუხებთ, დღევანდელი შეხვედრა მოვაწყვეთ, სადაც იყო ღია დიალოგის ფორმატი. მეწარმეებს ჰქონდათ საშუალება შეკითხვები დაესვათ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებისთვის, ასევე გაიმართა პრეზენტაციები და მეწარმეებისთვის იმ ინსტრუმენტების კიდევ ერთხელ გაცნობა მოხდა, რომელიც ბიზნესის კეთების ხელშეწყობისკენაა მიმართული”, - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.