2017 წლიდან თბილისში კედლის პანელების პირველი საწარმო გაიხსნება

2017 წლის სექტემბრიდან საქართველოში პირველი საკედლე ფილების საწარმო - „თბილცემენტ გრუპი“ ამოქმედდება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორმა გიორგი ნონიკაშვილმა განუცხადა, „თბილცემენტ გრუპი“ ორინტირებული იქნება ენერგოეფექტურობის მაღალი მაჩვენებლით გამორჩეული „ბეტონის პანელების“ წარმოებასა და მონტაჟზე, რომელიც სამშენებლო ბლოკებს ჩაანაცვლებს.

კომპანია თბილისში მდებარეობს და ძირითადად, საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ნებისმიერ საშუალო თუ მსხვილი მშენებლობის პროექტს მოემსახურება. თუმცა, პირველ ეტაპზე აქცენტი თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ მშენებლობებზე გაკეთდება.

საწყის ეტაპზე, მომავალი წლის სექტემბრიდან საწარმო 61 ადამიანს დაასაქმებს. წარმადობა დღეში 1 000 კვ. მეტრი იქნება. ხოლო 1 კვ.მეტრი პანელის ღირებულება 20 ლარი იქნება.

„თბილცემენტ გრუპი“, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 128 213 ევროა.

სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც 2014 წლის ივნისიდან მოქმედებს, ამ დროისთვის 202 საწარმოა მხარდაჭერილი.