„ავტოდილერების 99%-ს დაზიანებული მანქანა შემოჰყავთ"

„არის შემთხვევები, როდესაც ორი მანქანის ნაწილებისგან ერთს აწყობენ და ასე ყიდიან“

საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ავტომობილები საკმაოდ იაფი ღირს. უფრო მეტიც, ძვირად ღირებულ ავტომობილებს აქ თითქმის არ ყიდულობენ. ავტოდილერების თქმით, ხალხს ფული არა აქვს, ბაზრის მოთხოვნაა ასეთი და იძულებული ხდებიან ძირითადად იაფფასიანი მანქანები შემოიყვანონ. „დღეს ამ ბიზნესში გაუსაძლისი ვითარებაა, რის გამოც იძულებული ვართ სხვა საქმე მოვძებნოთ“, - ჩივიან ავტომობილების ყიდვა-გაყიდვით დაკავებული ადამიანები. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა განაპირობებს ავტომობილების დაბალ ფასს საქართველოში და საერთოდ, რა მდგომარეობა ამ ბიზნესში?

„დღეს ავტოდილერობა გაკოტრების ტოლფასია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ თავი დავანებო. ორიოდე მანქანა დამრჩა გასაყიდი, როგორც კი გავყიდი, ამ საქმეს უნდა შევეშვა“ - გვითხრა ავტოდილერმა ჯემალ მიროიმ. მისი თქმით, 2008 წლამდე ავტოდილერები 50-60 ათას დოლარად შეფასებულ მანქანებსაც ჰყიდდნენ, ახლა კი, 5-6 ათას დოლარიანი ავტომობილების გაყიდვაც უჭირთ.

ჯემალ მიროი: „მე, მაგალითად, ძვირად ღირებული მანქანა კარგა ხანია არ გამიყიდია. ძირითადად, 2005-2006 წლებში გამოშვებული მანქანები იყიდება და მთავარი კრიტერიუმი სიიაფეა. ძალიან ცოტა გვყავს ისეთი კლიენტი, რომელიც მოდის და გეუბნება: ოღონდ გამართული, კარგი მანქანა მყავდეს და ჩემთვის ფასს მნიშვნელობა არა აქვსო. ყველა იაფფასიანს ეძებს. ზოგიერთი მყიდველი, ოღონდაც იაფი იყოს და, „ჟიგულსაც“ შეიძენს. გაურკვეველი ვითარებაა ფასების თვალსაზრისითაც: შეიძლება ორ ერთნაირ მანქანას ვიღაც 10 ათას დოლარად ჰყიდდეს და ვიღაც - 5 ათასად. ასეა თუ ისე, ავტოდილერების 60-70 პროცენტი ზარალზე. ამ ბოლო ხანებში მეც ძალიან ვიზარალე: 10 ათასი დოლარი დამიჯდა ერთ-ერთი მანქანის ჩამოყვანა და 5 ათას დოლარად ძლივს გავყიდე. ასეთი რამ ჩვენს საქმეში ხშირად ხდება".

რესპონდენტის თქმით, ავტოდილერები კარგ მანქანებს ვერ ყიდიან, ამიტომ უმრავლესობა იძულებულია, ძველი მანქანა შემოიყვანოს, აქ შეაკეთოს და მერე გაყიდოს, რადგან ეს უფრო იაფი ჯდება:

-ყველაზე კარგად 2-დან 7 ათას დოლარამდე ღირებულების მანქანები იყიდება. განუბაჟებელი იაპონური მანქანა შეიძლება 2 ათას დოლარადაც იყიდოთ. ამერიკული და ევროპული მანქანები კი, შედარებით უფრო ძვირია - 3500 დოლარიდან ზემოთ. სხვათა შორის, იაპონურმა მანქანებმა ეს ბიზნესი ძალიან დააზარალა: ჩამოჰყავთ და მეტისმეტად იაფად ჰყიდიან. ამბობენ, რომ ეს რადიაციული ავტომობილებია, მაგრამ ამას ვერავინ ამტკიცებს. დღეს ავტოდილერების 99 პროცენტს დაზიანებული მანქანა შემოჰყავთ. კარგი მანქანა რომ იყიდო, ძვირი გიჯდება და ზარალში ვარდები. ამიტომ ცდილობენ დამტვრეული, მეორადი მანქანები იყიდონ და აქ გააკეთონ. არის შემთხვევები, როდესაც ორი მანქანის ნაწილებისაგან ერთს აწყობენ და მერე ჰყიდიან. სხვანაირად ამ ბიზნესში ვერ გადარჩები. ადრე ყაზახები, აზერბაიჯანელები ითხოვდნენ კარგ მანქანებს, ფერეიდნელებიც ჩამოდიოდნენ, ახლა ისინიც აღარ ჩამოდიან, ამიტომ, ახალი მანქანები ძალიან ცოტა იყიდება. ვინც კარგი მანქანები შემოიყვანა, ყველამ იზარალა, მათ შორის, მეც. სულ ვცდილობდი საუკეთესო მანქანები ჩამომეყვანა და საბოლოოდ, ძალიან წავაგე.

ავტოდილერი გიორგი ვაშალომიძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ამერიკიდან და იაპონიიდან შემოყვანილი მანქანები იყიდება, ევროპის ქვეყნების წილი ამ ბაზარზე შედარებით მცირეა:

-ამერიკიდან ძირითადად ნაავარიევი მანქანები შემოდის, რომლებსაც მერე აქ არემონტებენ და ყიდიან. ტრანსპორტირება დაახლოებით 1500-2000 დოლარი ღირს. ტრანსპორტირების ფასს განბაჟების ხარჯიც ემატება. მანქანას გააჩნია - შეიძლება განბაჟება 500 დოლარი დაჯდეს, შეიძლება მეტიც, ეს სხვადასხვა პარამეტრზეა დამოკიდებული - პირველ რიგში გამოშვების წელზე და ძრავის მოცულობაზე. ავტომობილის ფასი ძირითადად მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ფასად არის შეძენილი: დაზიანებული მანქანის შეძენა საშუალოდ, 2-3 ათას დოლარად შეიძლება, ხელობა კი, სხვადასხვა ფასი ღირს. დაზიანების ხარისხის მიხედვით, შეიძლება 500 დოლარი დაჯდეს, შეიძლება ათასი და უფრო მეტიც. ყველაზე ცუდი ავტომობილიც რომ იყიდო და მხოლოდ 1000 დოლარი დაგიჯდეს, ტრანსპორტირება სულ მცირე, 1500 დოლარი მაინც ღირს. იმასაც გააჩნია, რა მანძლიდან შემოგყავს ავტომობილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ფოთამდე ჩამოყვანა დაახლოებით1000-1500 დოლარი მაინც ჯდება ხოლმე.

ავტოდილერი გივი ბუხრიკიძე კი, ავტომანქანების სიიაფეს ამ ბიზნესში შექმნილი კრიზისით ხსნის:

-ძალიან გვიჭირს, ლამისაა, გავმათხოვრდეთ. მანქანის ჩამოყვანაც ძალიან სარისკოა. ბაზრობაზე ვინმე გაჭირვებული თუ შემოვარდება და თავის ავტომობილს იაფად გაყიდის, მაშინ შეიძლება დაგვრჩეს რაღაც მოგება. აზერბაიჯანელები და ყაზახები რომ შემოდიოდნენ, ავტომანქანების ბაზრობა ხალხს ვერ იტევდა, ახლა კი, აქაურობა თითქმის დაცარიელდა, რადგან ავტოდილერების მესამედმა სხვა საქმეს მიჰყო ხელი. აქ დარჩენილები, ერთ მანქანაზე 500 დოლარსაც თუ მოიგებენ, მაინც მადლობელნი რჩებიან, ამიტომაც არის ჩვენთან მანქანები ასე იაფი. რის მიხედვით დგინდება ავტომობილის ფასი? - ამის თქმა ძალიან რთულია, რადგან ვიღაცამ შეიძლება მანქანა 2-3 წელი ვერ გაყიდოს და ბოლოს, მყიდველს მიზერულ ფასად გაატანოს. ასე რომ, მანქანების ფასი საქართველოში ქაოტურად ყალიბდება და ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რამდენი ვიცი, მანქანის სასწრაფოდ გაყიდვა რომ უნდა და თანახმაა კლიენტს ნახევარ ფასად გაატანოს“, - ამბობს ავტოდილერი.

ხათუნა ჩიგოგიძე