ჩინეთის 22 მილიონიან სინძიანის პროვინციაში „ქართული ღვინის კულტურის ცენტრი“ დაფუძნდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ჩინეთის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩის „ქართული ღვინის კულტურის ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, „ქართული ღვინის კულტურის ცენტრი“ ჩინეთში ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „ბეიფანძიედას“ მიერ დაფუძნდა. (Xinjiang Beifang Jianda Trade Co., Ltd)

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა და კომპანია „ბეიფანძიედას“გენერალურმა მენეჯერმა თონგ ჯიამ (Tong Jia).

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, სინძიანის პროვინცია ერთ-ერთი პირველია ჩინეთში, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი დაიწყო.

„სინძიანის პროვინცია ჩინეთის ბაზარზე გამორჩეულია. აქ ქართულ ღვინოს და ღვინის კულტურას უფრო მეტად იცნობენ, ვიდრე დანარჩენ პროვინციებში. ჩვენი პარტნიორი („ბეიფანძიედა“) თითქმის 10 წელია ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს ჩინეთში. მათ უკვე დააფუძნეს „ქართული ღვინის კულტურის ცენტრი“ სინძიანის პროვინციაში და დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი ამ ცენტრთან თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ერთობლივად შევეცდებით კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის, ზოგადად საქართველოს ცნობადობა სინძიანის პროვინციაში“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

კომპანია „ბეიფანძიედას“ გენერალური მენეჯერი თონგ ჯია იმედოვნებს, რომ „ქართული ღვინის კულტურის ცენტრი“ ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდას.

„აღნიშნული მემორანდუმით ურთიერთობები გადადის ახალ, სამთავრობო დონეზე. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩინეთის მოსახლეობამ იცის, რომ ორმხრივი ურთიერთობები ხდება მთავრობების დონეზე. ამით, ისინი უფრო მეტად აღიარებენ ქართული ღვინის კულტურას და უფრო მეტად უჩნდებათ სურვილი, რომ ახლოს გაეცნონ ამ კულტურას“, - აღნიშნა თონგ ჯიამ.

სინძიანის პროვინციის მოსახლეობა - 22 მილიონს, ხოლო მისი დედაქალაქ ურუმჩის - 5 მილიონზე მეტ ადამიანს შეადგენს. პროვინციას ესაზღვრება 8 ქვეყანა - ყაზახეთი, რუსეთი, მონღოლეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი და ავღანეთი, სადაც ტრადიციულად მდებარეობდა „აბრეშუმის დიდი გზის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, უკვე გახსნილია რამდენიმე ათეული სხვადასხვა ობიექტი.

2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდამ 184% შეადგინა, სულ განვლილ 8 თვეში ექსპორტირებულია 3 368 361 ბოთლი.

პირველად ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიაში, მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა და გადაასწრო ისეთ ტრადიციულ ბაზარს, როგორიც უკრაინაა.