ფელამუშის კუბები - აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების კიდევ ერთი პროექტი

საქართველოში შესაძლოა „ემენდემსის“ მსგავსი ფელამუშის კუბების წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა შალვა მძინარიშვილმა უთხრა.

საუბარია, თხილის თუ სხვადასხვა შიგთავსის მქონე ფელამუშის კუბებზე, რომელიც „ტოფიტას“ მსგავს შეფუთვაში იქნება.

„ქართული ტრადიციული ჩურჩხელისათვის თანამედროვე სახის მიცემას ვფიქრობთ. ეს იქნება „ემენდემსის“ მსგავსი, ფელამუშის კუბები, რომელსაც შიგნით თხილი და სხვადასხვა შიგთავსი ექნება. გვინდა ჩურჩხელა თანამედროვე მსოფლიოსთვის მისაღები გავხადოთ,“-აღნიშნა მძინარიშვილმა.

მისივე ცნობით, „კრეატიული ბიზნესების თასის“ კონკურსში გაიმარჯვა. ამასთან, მძინარიშვილი აღნიშნავს, რომ პროექტით რამდენიმე ინვესტორიც დაინტერესდა, რომელთანაც საწარმოს მშენებლობაზე უკვე მიდის მოლაპარაკებები.

ფელამუშის კუბების დამზადების იდეა აგრარული უნივერსიტეტის სამ სტუდენტს - შაკო მძინარიშვილს, ნონა ნონიაშვილსა და თამარ შეითნიშვილს ეკუთვნით. ცნობისთვის, სწორედ ეს ახალგაზრდები მუშაოებენ საქართველოში ვაშლის ჩიფსის წარმოებაზეც, რომელიც ბაზარზე რამდენიმე თვეში გამოჩნდება.

თაია არდოტელი