წლის ბოლომდე საქართველოში ადგილობრივი წარმოების ვაშლის ჩიფსი გაიყიდება

საქართველოში წარმოებული ვაშლის ჩიფსი ბაზარზე 2016 წლის ბოლომდე გამოჩნდება.

ვაშლის ჩიფსის გამოშვება ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე წლის აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა შაკო მძინარიშვილმა, „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, პროდუქციის გამოშვება, რამდენიმე თვით გადადეს. ამის მიზეზი კი სამთავრობო პროექტში „სტარტაპ საქართველო“ მონაწილეობა გახდა, სადაც გაიმარჯვეს და 89 ათასი ლარის დაფინანსებაც მოიპოვეს.

ვაშლის ჩიფსის წარმოების იდეა აგრარული უნივერსიტეტის სამ სტუდენტს - შაკო მძინარიშვილს, ნონა ნონიაშვილსა და თამარ შეითნიშვილს ეკუთვნით, რომლებიც იდეასა და პროექტზე უკვე დაახლოებით ორი წელია მუშაობენ.

რაც შეეხება საწარმოს მშენებლობას, უკვე დასკვნით ფაზაშია და ნოემბერში დასრულდება. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში მდებარეობს. საწარმოში, რომელშიც 10 ადგილობრივი დასაქმდება, 50 ათასი პაკეტი ჩიფსის გამოშვებაა შესაძლებელი.

თუმცა, პირველ ეტაპზე 30 ათასი 30 გრამიანი, დაახლოებით 40 ნაჭრიანი ჩიფსის პაკეტის გამოშვება იგეგმება, რომელსაც თბილისის მასშტაბით ყველა დიდ სუპერმარკეტებს მიაწვდიან.

მძინარიშვილის ცნობით, პროდუქციის საზღვარგარეთ გატანაც იგეგმება. მოლაპარაკებები ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს ამერიკულ და ესტონურ მხარესთან.

როგორც მან „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, ჩიფსი სამი სახეობის: მწვანე, წითელი და ყვითელი ვაშლისგან დამზადდება. ვაშლს ადგილობრივი მოსახლეობისგან შეისყიდიან და როგორც ბიზნესგეგმაში აქვთ მითითებული,  1 კგ ვაშლს 1 ლარად იყიდიან.

მძინარიშვილმა ჩვენთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშლის შემდეგ ბოსტნეულის ჩიფსების წარმოებასაც გეგმავენ.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე

თაია არდოტელი