ბიუროკრატიის "ბუმი" თბილისის საკრებულოში

ბოლო ოთხ წელიწადში თბილისის საკრებულოს საშტატო თანამშრომლების რაოდენობა - 45%-ით, ხოლო შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა.

შტატების ზრდასთან ერთად იზრდებოდა საკრებულოს დაფინანსებაც 6 მილიონიდან და 14 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ კვლევას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს (IDFI), სადაც მოყვანილი ფაქტები ბევრ კითხვას აჩენს, თავად საკრებულოში კი ამ თემაზე ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებენ...

გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი: "ჩვენი ორგანიზაციის დაინტერესება თბილისის საკრებულოს ბიუროკრატიის ხარჯებით განაპირობა აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებმა და დასკვნამ, რომელიც ამ წარმომადგენლობით ორგანოს ეხებოდა. გამოვითხოვეთ საკრებულოდან საჯარო ინფორმაცია და დავიწყეთ მისი გაანალიზება. კვლევის პროცესში ბევრი საინტერესო გარემოება გამოიკვეთა. დავიწყოთ იმით, რომ მხოლოდ ბოლო 4-5 წელიწადში საკრებულოს დაფინანსება ყოველწლიურად იზრდებოდა და თუ 2011-2012 წლებში მცირედით აჭარბებდა 6 მილიონს, 2015-2016 წლებში, ფაქტობრივად, გაორმაგებულია.

რა თქმა უნდა, დავინტერესდით, რამ გამოიწვია საკრებულოს ხარჯების ზრდა და აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტი, ძირითადად, სახელფასო ფონდის ხარჯზეა გაზრდილი, ამ უკანასკნელის ზრდა კი გამოიწვია როგორც შტატიანი, ისე შტატგარეშე თანამშრომლების ზრდამ.

კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ: მაგალითად, 2011 წელს თბილისის საკრებულოს ჰყავდა 171 საშტატო და 24 შტატგარეშე თანამშრომელი, 2015 წლის მონაცემებით კი საშტატო კადრების რაოდენობა 248, ხოლო შტატგარეშეების - 232-მდე გაიზარდა.

ახლა ვნახოთ მათი შრომის ანაზღაურება, რაც ასევე გაორმაგებულია 2011 წელთან შედარებით. მაგალითად, 2011 წელს საკრებულოს შტატიან თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების სახით სულ გაცემულია 2.762.712 ლარი, მაშინ როცა 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 6 მილიონს გადააჭარბა, 2015-ში კი 5,5 მილიონი ლარი შეადგინა. სხვათა შორის, აქედან 3,2 მილიონი სახელფასო სარგო იყო, 1,3 პრემია და 1 მილიონზე ცოტა ნაკლები კი დანამატი. მოკლედ, გამოდის, დეკლარირებული პოლიტიკის მიუხედავად, საჯარო მოხელეები უარს არ ამბობენ მსუყე პრემიებსა და დანამატებზე.

ახლა შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება ვნახოთ.

2015 წელს შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა მაშინ, როცა 2011 წელს მხოლოდ 180 ათასი ლარი იყო. როგორც ირკვევა, შარშან პრემია მათთვისაც გამოუწერიათ - 194.864 ლარი.

ყველაზე საინტერესო კი აქ ის არის, რომ არ იცვლება თბილისის საკრებულოს წევრების რაოდენობა და ისე, როგორც 2011 წელს, ახლაც 50 დეპუტატი გვყავს­. გამოდის, 4-5 წლის წინ მათ გაცილებით ნაკლები ადამიანი ემსახურებოდა, ვიდრე ახლა.

რამ გამოიწვია თანამშრომლების რაოდენობის ზრდა, ამაზე საკრებულომ უნდა გვიპასუხოს, განსაკუთრებით, რამდენად საჭირო იყო 2013 წლიდან მაჟორიტარი წევრების ოფისების შექმნა, სადაც 99 კაცია დასაქმებული? საკრებულო ასრულებს­ წარმომადგენლობით ფუნქციებს, ეს არ არის ქალაქის მთავრობა, არამედ საზედამხედველო ფუნქციებით აღჭურვილი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს და მერიის საქმიანობას უწევს მონიტორინგს. საკრებულომ უნდა გვიპასუხოს, რამ გამოიწვია ბიუჯეტის გაორმაგება და რატომ უჯდება ქალაქს, ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს, საკრებულოს თანამშრომლების შენახვა ორჯერ მეტი, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. კეთილინებონ და საკრებულოს გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა პასუხი გაგვცენ. უნდა გვიპასუხონ, რამდენად საჭიროა წლიდან წლამდე ბიუროკრატიის ზრდა თბილისის საკრებულოში? თბილისის მერიის ცენტრალურ აპარატში, ანუ აღმასრულებელ განშტოებაში დასაქმებულია 1200 თანამშრომელი, მაშინ როცა საზედამხედველო ამოცანის მქონე საკრებულოში მუშაობს 500-მდე თანამშრომელი. რამდენად შესაბამისია ეს მონაცემები, საზოგადოებამ განსაჯოს.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 19 სექტემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად