მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 8 059,8 მლნ ლარი შეადგინა

2016 წლის მე-2 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 059,8 მლნ ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ 2016 წლის მე-2 კვარტლის ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 059,8 მლნ ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 3,0 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 0,7 პროცენტით.

საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,6 პროცენტი) და ვაჭრობა (15,1 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (10,6 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,2 პროცენტი), მშენებლობა (8,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი)

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (24,1 პროცენტი), მშენებლობა (12,8 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (10,8 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,4 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (8,7 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,3 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა ტრანსპორტში (-5,8 პროცენტი) და ვაჭრობაში (-2.8 პროცენტი). 2016 წლის II კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასქტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით.

საქსტატის ინფორმაცით, 2016 წლის 15 ნოემბერს დაზუსტდება 2015 წლის და 2016 წლის პირველი და მეორე კვარტალის მონაცემები. 2016 წლის მონაცემების საბოლოო დაზუსტება 2017 წლის 15 ნოემბერს განხორციელდება.