22 სექტემბერს მარკეტინგულ ფორუმს HP-ის მარკეტინგის გურუები წარმართავენ

“მარკეტინგული ფორუმი 2016” 22 სექტემბერს 12:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას სასტუმრო “ბილტმორი” უმასპინძლებს, ხოლო ფორუმს მარკეტინგის გურუები, რაფი ალბო და კრისტიან მენეგონი წარმართავენ თემაზე “არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში”. ფორუმის ორგანიზატორებია სტამბა “კოლორპაკი” და მისი პარტნიორი HP-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ისრაელის განყოფილება. ღონისძიების გენერალური მედია მხარდამჭერია: Marketer.ge, „მედიაპალიტრა“ და „ალმა“. ფორუმის შესახებ უფრო ვრცლად სტამბა „კოლორპაკის“ დირექტორის, გიორგი ჟორჟოლიანისგან შეიტყობთ.

რას წარმოადგენს მარკეტინგული ფორუმი?

„მარკეტინგული ფორუმი 2016“ არის ღონისძიება, სადაც საერთო პროფესიული ინტერესებით გაერთიანებული ქართველი ბიზნესმენების საზოგადოება ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს გაიგებს თანამედროვე მარკეტინგულ ტრენდებზე, მიმდინარეობებსა და შესაძლებლობებზე.

როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა HP-ისთან და საიდან გაჩნდა ფორუმის ჩატარების იდეა?

ორი წელია, რაც HP ჩვენი კომპანიის პარტნიორია. ჩვენი თანამშრომლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ულტრათანამედროვე და მაღალტენოლოგიური HP Indigo 6800-ის შეძენა გადავწყვიტეთ. იმ მომენტიდან, HP ტექნიკური მხარდაჭერის გარდა, ჩვენთვის მრავალი ტექნოლოგიური სიახლის პროვაიდერი და მარკეტინგული გამოცდილების გამზიარებელი გახდა. სწორედ, HP-ის მდიდარი გამოცდილებისა და ინოვაციების გაზიარების სურვილით გადავწყვიტეთ მარკეტინგ ფორუმის ჩატარება.

რა მიზანს ისახავს ღონისძიება?

ფორუმის მიზანი მარკეტინგული სიახლეებისა და ახალი ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა იმ ხალხისთვის, ვისაც შეუძლია, ეს ინფორმაცია ბიზნესში გამოიყენოს, შეძლოს მეტად განვითარება და მიაღწიოს მეტ წარმატებას.

ვის შეუძლია დასწრება?

ფორუმზე ჩვენი რამდენიმე პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელი მოვიწვიეთ. თუმცა, მოწვეულთა გარდა, ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აინტერესებს მსოფლიო სიახლეები მარკეტინგსა და შეფუთვაში. ბილეთების ყიდვა ჯერ კიდევ შესაძლებელია.