90 ჯარისკაცს ე.წ. სამხედრო დასახლებაში ბინები გადაეცა

2 045 საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურიდან უმრავლესობას უკვე გადავეცით ბინები საკუთრებაში , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს 90 სამხედრო მოსამსახურისთვის ე.წ. სამხედრო დასახლებაში ბინების გადაცემის ცერემონიალის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მომავალში მსგავსი ბინების გადაცემა იგეგმება კიდევ 270 ოჯახისთვის.

„ეს პროცესი 2013 წელს დაიწყო და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ 2 045 საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურიდან უმრავლესობას ბინები საკუთრებაში უკვე გადავეცით. ბუნებრივია, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რომ სახელმწიფომ ბოლომდე შეასრულოს ის ვალდებულება, რაც ნიშნავს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემას“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული მომავალში მსგავსი სახის სამხედრო კორპუსები რეგიონებში დისლოცირებული ჯარისკაცებისთის აშენდეს.

„ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტად ვსახავთ იმას, რომ მაქსიმალურად ჰქონდეს სოციალური პირობები ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, რათა ღირსეულად განახორციელონ თავიანთი სამსახური. ეს ხალხი ყველაზე მეტად დასაფასებელია სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან ეწევიან უდიდეს პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ამიტომ პროცესები, ბუნებრივია, დამოკიდებული იქნება იმ შესაძლებლობებზე, რა შესაძლებლობებიც იქნება ბიუჯეტით განსაზღვრული და ამ შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ მათთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

„სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს, 2014-2016 წლის ბრძანებებში განსაზღვრული კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. ამ ეტაპზე კომისიამ საცხოვრებელი პირობებით ის პირები დააკმაყოფილა, რომლებმაც იმსახურეს და დაასრულეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი. ვინაიდან გასანაწილებელი ბინების რაოდენობა 90-ს შეადგენდა, კომისიამ 1 019 პირიდან პირველი 400 პირის მონაცემები დაამუშავა და 90 მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე შეარჩია.

სამხედრო მოსამსახურეების შერჩევისას კომისიის წევრებმა შემდეგი კრიტერიუმები გაითვალისწინეს: ნამსახურეობის წლები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანება და გამოხატული შეზღუდული შესაძლებობების სტატუსი, საარსებო შემწეობის მიმღების სტატუსი, მრავალშვილიანის სტატუსი და სხვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ქალაქის ახალ მობინადრეებს შორის ოთხ სამხედრო მოსამსახურეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილი ჰყავს, ხოლო სამს - ოთხი და მეტი შვილი.