დიმიტრი ქუმსიშვილი - დღეს 1200-ზე მეტი სასტუმრო გვაქვს და მათი 41% ექსპლუატაციაში ბოლო 3 წელში შევიდა

საქართველოში დღეს 1200-ზე მეტი სასტუმრო გვაქვს და მათი 41% ექსპლუატაციაში ბოლო 3 წლის განმავლობაში შევიდა , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისში, ახალი სასტუმრო „მუზეუმის“ გახსნაზე განაცხადა.

სასტუმრო „მუზეუმი“ ათონელის ქუჩაზე, მაიკო ორბელიანის ყოფილ სასახლეში მდებარეობს. იგი 46 ნომრისა და 3 კვების ობიექტისგან შედგება.

„აქ დასაქმდება 100 ადამიანი, ანუ 100 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ჯამურად 8 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. მინდა, ძალიან დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2013, 2014, 2015 წლებში 508 სტუმრების განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში და ჩვენ არ ვანგარიშობთ 2012 წელს. სულ დღეს საქართველოში გვაქვს 1200-ზე ოდნავ მეტი სასტუმრო და ამ სასტუმროებიდან 41% ექსპლუატაციაში შევიდა სწორედ რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის იმის დამსახურებაა, რომ ბიზნესი დღეს არის მონდომებული, კერძო სექტორი აკეთებს თავის საქმეს და ქვეყანაში იდება ინვესტიციები, ასევე არსებობს ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომელიც გარანტირებულად ამბობს, რომ 6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორიდან საქართველო აუცილებლად ავა 11 მილიონამდე.