ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი “Ad Black Sea” ჩატარდება

2016 წლის 22-25 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი “Ad Black Sea” გაიმართება.

“Ad Black Sea”  საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალია, რომელიც 2015 წელს დაარსდა და წელს მეორეჯერ ჩატარდება. ფესტივალს, ტრადიციულად, ბათუმი უმასპინძლებს.

“Ad Black Sea” საქართველოსა და უკრაინის საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციების ორგანიზებით ტარდება. მასში მონაწილეობას როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოები მიიღებენ, ხოლო დასწრება სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 4 დღიანი ფესტივალი მოიცავს კონკურსს, სემინარებსა და წვეულებებს, რაც მონაწილეებს ერთდროულად ახალი კავშირების დამყარების, საინტერესო სპიკერების მოსმენისა და გართობის იდეალურ საშუალებას აძლევს. 25 სექტემბერს გამოვლინდებიან გამარჯვებულები და დასახელდება წლის საუკეთესო სარეკლამო სააგენტო.

"2016 წელს გაიზარდა ფესტივალის მასშტაბი, გვაქვს 7 კატეგორია და 55 ქვეკატეგორია,

მათ შორის გამარჯვებულებს კი გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სარეკლამო სფეროში სახელგანთქმული პროფესიონალებისგან ევროპიდან, შავი ზღვის რეგიონიდან და სხვა ქვეყნებიდან. წელს, დაახლოებით 500 მონაწილეს ველოდებით," - ამბობს ვატო ქავთარაძე, “Ad Black Sea” პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი.

"Ad Black Sea" 2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.adblacksea.com