აუდიტის სამსახური - ”სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველებს არ ჰქონდათ არანაირი შემოსავალი და ჰქონდათ ვალები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მზადაა გაასაჯაროოს შემოწირულებებისა და გამოკითხვების სტატისტიკა , რაც უწყების მტკიცებით დაადასტურებს, რომ დაჯარიმებული პირები იყვნენ არაუფლებამოსილი შემოწირულება განეხორციელებინათ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა ბლოკ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ჯანდიერის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, უწყება სწავლობს ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებას, რასაც ამოწმებს შემოსავლების სამსახურსა და საბანკო მონაცემებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდგომ იღებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და სასამართლოში გაგზავნის გადაწყვეტილებას.

”ჩვენთვის მიუღებელია სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ მსგავსი პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და საკუთარი პიარისთვის უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენება. ჩვენ მიმდინარე პერიოდში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მიმართ შევადგინეთ 11 ოქმი, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. შემოწირულებებთან დაკავშირებით მიმდინარე პერიოდში, ჯამში გამოკითხულია 80 პირი, საიდანაც მხოლოდ 33 არის „სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველი. ჩვენ ვსწავლობთ ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებას, რასაც ვამოწმებთ შემოსავლების სამსახურთან და საბანკო მონაცემებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდგომ ვიღებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და სასამართლოში გაგზავნის გადაწყვეტილებას”, - აღნიშნა ზურაბ აზნაურაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პარტიის ”სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველები იყვნენ პირები, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი შემოსავალი, ჰქონდათ ვალები და ვერ ადასტურებდნენ, რა რესურსით განახორციელეს შემოწირულება.

”ჩვენ მზად ვართ გავასაჯაროოთ შემოწირულებებისა და გამოკითხვების სტატისტიკა, ასევე ნებისმიერი ინფორმაცია და მასალები, რომელიც გადაგზავნილ იქნა სასამართლოში, რაც დაადასტურებს, რომ დაჯარიმებული პირები იყვნენ არაუფლებამოსილი განეხორციელებინათ შემოწირულება”, - დასძინა აზნაურაშვილმა.

საქალაქო სასამართლომ შესაბამისი დადგენილებით, ჩვენი პოლიტიკური ძალის 4 შემომწირველი 10 000 ლარით დააჯარიმა, - ამის შესახებ ბლოკ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ჯანდიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახური არის ხელისუფლების ფინანსური სუს-ი. როგორც ჯანდიერმა განაცხადა, აუდიტის სამსახური პაატა ბურჭულაძის პარტიაზე ზეწოლას დაარსების დღიდან ახორციელებს.