2013 წლიდან სახელმწიფო მმართველობაზე გაწეული მთლიანი დანახარჯები მნიშვნელოვნად არის შემცირებული

ფაქტები ციფრებში: 3 წელიწადში ბიუროკრატიული დანახარჯების შემცირებით 233 მილიონი ლარი დაიზოგა - ამის შესახებ ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

"2013 წლიდან სახელმწიფო მმართველობაზე გაწეული მთლიანი დანახარჯები და მისი წილი ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

ოფიციალური მონაცემებით, 2010-2012 წლებში ბიუროკრატიაზე, ანუ სახელმწიფო მმართველობაზე მთლიანად დაიხარჯა 10 მილიარდ 139 მილიონი ლარი, რაც მაშინდელი საბიუჯეტო ხარჯების თითქმის 60% იყო (57,08%), 2013-2015 წლებში კი სახელმწიფო მმართველობაზე გაწეული მთლიანი დანახარჯები 233 მილიონი ლარით შემცირდა და 9 მილიარდ 906 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი საბიუჯეტო ხარჯების დაახლოებით 40%-ია (43,8%). ალბათ დამეთანხმებით, რომ 60%-იდან 40%-მდე შემცირება, ეს მკვეთრი შემცირებაა.

აღსანიშნავია, რომ 2010-2012 წლებში სახელმწიფო მმართველობის დანახარჯები ზრდადი იყო. შედარებისათვის, 2013, 2014 და 2015 წლის ბიუროკრატის წლიური დანახარჯები 2012 წლის მაჩვენებელსაც კი ჩამორჩება, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ბიუჯეტი 2013-2015 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კიდევ უფრო საინტერესოა სუფთა მმართველობითი ბიუროკრატიის მთლიანი დანახარჯები, ანუ სახელმწიფო მმართველობა ჯარის, პოლიციის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების გარეშე. 2010-2011 წლებში ჯარისა და სამართალდამცავების შრომის ანაზღაურების გარეშე დათვლილი ბიუროკრატიის სრულმა დანახარჯებმა 7 მილიარდ 820 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 760 მილიონით (!!!) აღემატება 2013-2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს," - განაცხადა დუნდუამ