სოციალურ ბარათებს ამოფარებული კორუფცია

ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის სააგენტოს 430 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლების მოლოდინშია. მათი თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობამ სააგენტოს რესტრუქტურიზაციის მოტივით, უკანონოდ მოაწერინა ხელი განცხადებაზე, რომ თანახმა არიან დროებითი­ მოვალეობის შემსრულებლად იმუშაონ. დათხოვნის მოლოდინში მყოფთ მიაჩნიათ, რომ მინისტრს მზაკვრული გეგმები აქვს და ხელის შემშლელებს იშორებს.

"მინისტრი ჩვენი მუშაობით ყოველთვის­ კმაყოფილი იყო. ამიტომ ვერ წარმოგვედგინა,­ უცებ ყველას ნიჩაბზე თუ დაგვდებდა. გვეგონა, როგორც სხვა დროს, მოვალეობის შემსრულებლად ყოფნა ამჯერადაც დროებითი იქნებოდა და ისევ დაგვაბრუნებდნენ თანამდებობებზე. მოგვიანებით გამოგვიცხადეს, ჩატარდება კონკურსი და ვინც გაიმარჯვებთ, დაინიშნებითო. ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდან გვიშორებენ", - აცხადებენ გარემოს ზედამხედველის დროებითი მოვალეობის შემსრულებლები.

რა სქემას შიფრავენ გარემოს ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლები

"კვირის პალიტრასთან" საუბარში სამსახურიდან დათხოვნის მოლოდინში მყოფებმა უარი თქვეს ვინაობის დაკონკრეტებაზე, მაგრამ რეგიონებში ხეტყით ვაჭრობის კორუფციული სქემები აგვიხსნეს და გარემოს დაცვის სამინისტროში მოსალოდნელი ამბების შესახებ ვარაუდები გაგვიმხილეს:

"რეგიონებში ხის მასალით ვაჭრობისთვის ე.წ. სოციალურ ბარათებს იყენებენ­. თუ სახლი დაგეწვათ, დაგენგრათ ან სხვა მიზ­ეზის გამო გჭირდებათ ხის მასალით დახმარება, სამხარეო ადმინისტრაციაში განცხადების საფუძველზე გაძლევენ სოციალურ ბარათს, რომელშიც მითითებულია, რამდენი კუბური მეტრი მასალა გჭირდება­. არადა, კორუფციული დაინტერესების შემთხვევაში, რეალურად არ გჭირდებათ არანაირი მასალა, სახლიც დიდებული გაქვთ, მაგრამ მაინც წერთ განცხადებას, რომ ყველაფერი დაგეწვათ ან დაგენგრათ და გჭირდებათ 10-15 კუბმ ფიცარი. ძირითადად, ამ რაოდენობას ითხოვენ­ (თუ საქმეებს მოიკვლევენ, ნახავენ, რომ სულ ერთი და იგივე ადამიანები წერენ განცხადებებს, რატომღაც მუდმივად მათი სახლები იწვება ან ინგრევა). ამის შემდეგ მიიღებთ­ სოციალურ ბარათს და მიჰყიდით ხის დამამზადებელს, მაგალითად, 3.000 ლარად. ისიც თქვენ მიერ მიცემული ოფიციალური მინდობილობის საფუძველზე ვითომ თქვენთვის ჭრის და ამზადებს ხეს. შემდეგ ცდილობს, მასალა გასაყიდად გაიტანოს, მაგალითად, ელიავას ბაზრობაზე.

ეს სქემა რომ გავშიფრეთ, ავკრძალეთ რეგიონებიდან სოციალური ბარათებით მოპოვებული მასალის გატანა. თუ სოციალური ჭრაა, ე.ი. მასალა ადგილზე უნდა დარჩეს. დამრღვევებს 500 ლარით ვაჯარიმებდით. კონფისკაციის უფლება არა გვაქვს, ამიტომაც ფიცრებს მიკროავტობუსებში ანაწილებდნენ და ისე ცდილობდნენ გატანას ელიავას ბაზრობაზე ჩასაბარებლად. იქამდე მიტანაა პრობლემა, თორემ ბაზრობაზე უკვე დასაწყობებულზე არავინ გთხოვს ცნობას მასალის წარმოშობაზე. ადგილობრივი ჩინოსნების დანაშაულის კვალი სად იკვეთება? კომისია უნდა ამოწმებდეს, კონკრეტულ პირს ნამდვილად სჭირდება თუ არა ფიცარი და მის სახლს მოხმარდა თუ არა. კომისიები არ მუშაობს. ერთი კაცი რომ ერთი სახლის ასაშე­ნებლად 10 და მეტ კუბმეტრს ითხოვს,­ საეჭვოა. ამდენი მასალა ცათამბჯენებზე გეყოფა. მოკლედ, გუბერნიების ჩინოსნები კარგად მანიპულირებენ სოციალური ბარათებით".

50 000 კუბმეტრს რომ მოგთხოვს, ეჭვი არ გაგიჩნდება?

გარემოს ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლების სქემა და ეჭვი, ფაქტობრივად, დაადასტურა ეროვნული სატყეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნათია­ იორდანიშვილმა:

"ვითხოვთ დასაბუთებას, მსურველებს მართლა სჭირდებათ თუ არა მასალა, ფოტოებიც მოვითხოვეთ. ასევე ვითხოვთ დადასტურებას, რომ მასალა ნამდვილად განცხადების შესაბამისად დაიხარჯა. სამწუხაროდ, პასუხს ვერ ვიღებთ. ჩვენი კომპეტენციიდან გამომდინარე, გაკონტროლება არ გვეხება და ვერც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეში ჩავერევით, თუ როგორ ანაწილებს სოციალურ ბარათებს. ერთხანს გამგეობები არაადეკვატური რაოდენობის ფიცრის დამზადებაზე ნებართვას ითხოვდნენ. შეუძლებელი იყო თანხმობის მიცემა და პრეტენზიებს აცხადებდნენ, მეტყევე არ გვაძლევს ხეებსო. ნებართვას ვიძლევით იმდენის მოჭრაზე, რაც შესაძლებელია ტყის თავისებურებიდან გამომდინარე. საეჭვოდ ბევრს რომ ითხოვდნენ, იძულებული გავხდით, კომისიების შექმნა მოგვეთხოვა. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, განახევრდა მოთხოვნები. რაჭის გუბერნია, რომელიც დაცლილია მოსახლეობისგან, 50 000 კუბმეტრს რომ მოგთხოვს, ეჭვი არ გაგიჩნდება? გამოდის, ყველა მოსახლეს სჭირდება ფიცარი, არადა, იქ ხალხი არ ცხოვრობს".

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 19 სექტემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეკა ლომიძე