2017 წლიდან თბილისში დასუფთავების ახალი მანქანები შემოვა

თბილისის მერია დასუფთავების მანქანების პარკის განახლებას გეგმავს.

როგორც კომპანიის „თბილსერვის ჯგუფი“ დირექტორი ლევან ჯღარკავა ამბობს, ამ ეტაპზე მერიის 2017 წლის ბიუჯეტზე მიმდინარეობს მუშაობა. სწორედ ბიუჯეტის დადგენის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა თანხა გამოიყოფა ახალი მანქანების შეძენისთვის და რა რაოდენობით ახალი ტექნიკა შემოვა ქალაქში.

”მთავარია, რომ დასუფთავების მანქანების პარკის განახლება გადაწყდა. მერიის 2017 წლის ბიუჯეტის დადგენის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი. გამარჯვებული კომპანია კი შემოიყვანს ახალ ტექნიკას. ჩვენ დონორ კომპანიებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და დაახლოებით თვენახევარში გვეცოდინება, რა თანხა დაგვჭირდება მანქანების პარკის განახლებისათვის და რამდენ ერთეულ ტექნიკას შევიძენთ. ვვარაუდობთ, რომ ქალაქს 2017 წლის დასაწყისში დასუფთავების ახალი ტექნიკა ექნება”, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

ამ დროისთვის თბილისს 291 სპეციალური ტექნიკა ემსახურება, საიდანაც 28 „თბილსერვის ჯგუფმა“ წელს შეიძინა. სულ კომპანიამ დედაქალაქში 10 050 ცალი ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი განათავსა.

თათია ახვლედიანი