აჭარაში სეზონზე 55- 60 ათასი ტონა ციტრუსის წარმოებას ელოდებიან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე „ოქროს რთველის“ სამზადისთან დაკავშირებით რეგიონის მეციტრუსე ფერმერებს შეხვდნენ და სეზონის სამზადისის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

როგორც აჭარის ა/რ მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, შეხვედრა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში შედგა. აქვე გაიმართა სპეციალურად ციტრუსის სეზონისთვის ინგლისურ და რუსულ ენებზე შექმნილი ვებ-გვერდის პრეზენტაცია.

ფერმერებსა და მედიის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორენოვანი სარეკლამო რგოლიც წარუდგინა. რგოლი იმ ქვეყნებში გასავრცელებლად შეიქმნა, რომლებიც რეგიონის ციტრუსის გასაღების ბაზრებს წარმოადგენენ.

”აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში უკრაინის, ბელორუსის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პარალელურად, წელს პირველად მოხვდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც.

ციტრუსოვანთა მოსავლის რეალიზაციის მაღალ დონეზე ორგანიზების, საბაჟო ტარიფების ოპტიმიზაციისა და რეგიონში წარმოებული ციტრუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა შეხვედრებს უკვე მართავს უკრაინის, ბელორუსისა და ყაზახეთის რესპუბლიკების წარმომადგენლებთან. სპეციალურ საინფორმაციო ვებ-გვერდზე http://citrus.moa.ge/ დაინტერესებულ უცხოელ ექსპორტიორებს შეეძლებათ გაიგონ დეტალური ინფორმაცია წარმოებული ციტრუსის და მისი ტრანსპორტირების თავისებურებებთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე რეგიონში საპროგნოზო მონაცემებით, მოსალოდნელია 55- 60 ათასი ტონა ციტრუსის წარმოება. 2016 წლის სეზონისთვის 1 კილოგრამი ციტრუსის მინიმალური ღირებულება 70 თეთრით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ამ მოცულობის მიღება-გადამუშავება დაფასოებისათვის რეგიონში მოქმედი ციტრუსის საწარმოები და სამაცივრე მეურნეობები სრულ მზადყოფნაში არიან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.