ამერიკელი ანალიტიკოსი - ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში დოლარი გამყარდება, ოქრო გაძვირდება

ამერიკული კორპორაცია „სითი გრუპის“ გლობალური პოლიტიკური ანალიტიკოსის ტინა ფორდჰემის განცხადებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ბაზრებისთვის მომგებიანი იქნება.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, „სითი გრუპის“ ანალიტიკოსი იმ 4 ძირითად გზას გამოყოფს, რომელზეც ინვესტორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ.

დოლარის გამყარება

„თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, დოლარი დიდი ალბათობით გამყარდება, განსაკუთრებით კი მექსიკურ პესოსთან მიმართებაში. არ არის გამორიცხული, მექსიკური პესო დოლართან მიმართებაში ამჟამინდელ 19.68-დან 20-მდე ავიდეს“, - აღნიშნავს ტინა ფორდჰემი.

ამერიკული ბონდების შემოსავლები გაიზრდება

ორივე - 10 წლის და 30 წლის ამერიკული ბონდების შემოსავლები ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში გაიზრდება. მოსალოდნელია 10-წლიანი ბონდების შემოსავლების 1.75-დან 2.00 პროცენტამდე გაზრდა, ხოლო 30-წლიანის - 2.60-დან 2.75-მდე ზრდაა მოსალოდნელი.

აქციების ფასი დაეცემა

თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ფასი დაეცემა, განსაკუთრებით იმ კომპანიების, რომელთაც საერთაშორისო შეთანხმებები აქვთ გაფორმებული. მოსალოდნელია საბაზრო ინდექსის ათ პროცენტამდე დაცემა.

ტრამპის გამარჯვების შედეგად წარმოქმნილი გაურკვევლობა ინვესტორებს ოქროს შესყიდვისკენ უბიძგებს, რაც ოქროს ფასს 1 400 დოლარამდე გაზრდის.

პეტერსონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანას რეცესია ემუქრება. ასევე მოსალოდნელია, რომ კერძო სექტორში გაუქმდება 4,8 მილიონი სამუშაო ადგილი, შეიქმნება სამომხმარებლო საქონლის დეფიციტი, მათ შორის ისეთის, როგორიც iPhone-ია.