სასტუმრო ზღვის დონიდან 2360 მეტრზე ჯუთაში, სადაც მოხვედრა მხოლოდ საფეხმავლო ბილიკითაა შესაძლებელი

ზღვის დონიდან 2360 მეტრზე, ყაზბეგის რაიონ სოფელ ჯუთაში ,,მეხუთე სეზონი“ უკვე ორი წელია ექსტრემალ ტურისტებს მასპინძლობს.

სასტუმროს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 30 წლის გელა არაბულია. პროფესიით გეოგრაფმა, ბავშვობისდროინდელი ოცნება რეალობად აქცია. მთის ქოხი, რომელიც სამანქანო გზიდან ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სტუმრებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. სასტუმრო გელა არაბულმა საკუთარი ხელით და ოჯახის წევრების ძალისხმევით ააშენა.

გელა არაბული:

,,სეზონური ბიზნესია. გასულ წელს სამთვიანი მუშაობის პერიოდი გვქონდა. წელიწადში მაქსიმუმ, 5-6 თვე გვყავს დამსვენებლები. ქართული რეალობისთვის ცოტა უცხო და ამავდროულად, ახალი კონცეფციაა. ეს არის ადგილი მთაში, აქტიური დამსვენებლებისთვის. ჩვენამდე მოსვლა მხოლოდ საფეხმავლო ბილიკითაა შესაძლებელი. სწორედ ამითაა ჩვენი სასტუმრო განსაკუთრებული. სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, ტურისტებს აქაური გარემო და რთულად სავალი გზა იზიდავს.“

სასტუმროს მშენებლობის იდეა...

პირველად პოლონეთში ვნახე მსგავსი მთის ქოხი. სამანქანო გზიდან მოშორებით მდებარე ტერიტორიაზე იყო განთავსებული. სასტუმროში დასვენების დღეების აქტიურად გასატარებლად საკმაოდ ბევრი ადამიანი მიდიოდა. მაშინ ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, ჩემს სოფელშიც მსგავსი იდეის განხორციელება. ჯუთაში დასასვენებლად ბავშვობიდან ჩავდიოდი, მამაჩემი იქ დაბადებული და გაზრდილია. ეს არის ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. ამ ყველაფერმა ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის ძალა მომცა.

როცა საკუთარ ბიზნესს იწყებდით, რა იყო განსაკუთრებული სირთულე?

მშენებლობის ეტაპს გამოვყოფდი. ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთეთ. იმის გამო, რომ სამანქანო გზა ჩვენს სასტუმრომდე არ მიდის, მასალა ზოგჯერ ბეჭით, ზოგჯერ ცხენების დახმარებით აგვქონდა. დამეთანხმებით, ეს არ არის იოლი საქმე. დიდი ძალისხმევა ჩავდეთ. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი გამოვიდა. დღეს ,,მეხუთე სეზონი“ ბევრი ადამიანისთვისაა საყვარელი დასვენების ადგილი.

როგორია სასტუმროს ინფრასტრუქტურა?

ამჟამად სატუმროში 6 ოთახია განთავსებული. საერთო ჯამში 25 სტუმრის მიღება შეგვიძლია. გვაქვს კარვები, რომლებსაც ჩვენივე ტერიტორიაზე ვშლით მსურველებისთვის, კაფე-ბარში კი სტუმრებს გემოვნებიან მუსიკას და გემრიელ კერძებს ვთავაზობთ.

რამდენად დიდია დამსვენებელთა რაოდენობა, მათ შორის უცხოელი ჭარბობს თუ ადგილობრივი?

მიმდინარე სეზონი ძალიან აქტიური იყო. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ძირითადად უცხოელები იქნებოდნენ ჩვენი დამსვენებლები, თუმცა წელს ჩვენს სტუმრებში ქართველი მომხმარებელი ჭარბობდა და ეს ძალიან კარგია. გასულ სეზონს დადებითად ვაფასებ, თუმცა ვფიქრობ, მომავალში ჩვენზე უფრო მეტი ადამიანი გაიგებს და დამსვენებელთა რაოდენობაც გაიზრდება. ცნობადობის ამაღლებაში თიბისი ბანკის პროექტი ბიზნესდაჯილდოება გვეხმარება, რომელშიც ჩავერთეთ და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. პროექტში ჩვენ გარდა, ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. ისინი აქტიური და პერსპექტიული ადამიანები არიან. მათთან ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

როგორი შედეგი გამოიღო თქვენმა შრომამ და რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

თავდაპირველად როცა ვიწყებდით, ვაცნობიერებდი, რომ ეს იყო აბსოლუტური რისკი. დღეს კი ვამბობ, რომ მცდელობამ გაამართლა. ჩვენი სტუმრები კმაყოფილები მიდიან და სეზონის განმავლობაში ორჯერ-სამჯერ ბრუნდებიან. ეს უკვე წარმატებაა. მომავალში ჩვენმა ბიზნესმა უფრო დიდ მასშტაბებს უნდა მიაღწიოს. ეს არც ისე შორეული პერსპექტივაა.

ქრისტინე გამთენაძე