ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება

2016 წლის იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. სებ-ის ინფორმაციით, 8 თვეში კომერციულმა ბანკებმა 403,6 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ბიუჯეტში კი მხოლოდ 46,3 მლნ ლარი შეიტანეს. როგორც გაზეთი  „რეზონანსი" წერს, თუ ზრდის ასეთი ტემპი შენარჩუნდა, გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოს ბანკების მოგებამ ყველა რეკორდი მოხსნას და 600 მლნ ლარსაც კი გადააჭარბოს.

სპეციალისტების განცხადებით, ბანკები დღემდე განსაკუთრებული პრივილეგიებითა და შეღავათებით სარგებლობენ. შესაბამისად, სახელმწიფო, მომხმარებელი და სხვა კომპანიებიც, რომელთაც ბანკების პროფილურ ბიზნესებთან კონკურენცია უჭირთ, ზარალდებიან.

იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წელს 8 თვეში კომერციულმა ბანკებმა 403 609 000 ლარის მოგება მიითვალეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 38,3%-ით აღემატება. 2016 წლის იანვრიდან აგვისტომდე კი ბანკების მოგება 20 მლნ ლარიდან 403,6 მლნ ლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი მოგება კომერციულ ბანკებს იანვარ-აგვისტოში არასდროს მიუღიათ. ამ პერიოდის საშუალო მაჩვენებელი ყოველთვის 200-300 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობდა, წელს კი უკვე 400 მლნ-ს გადააჭარბა. თუ ზრდის ასეთი ტემპი შენარჩუნდა, გამორიცხული არ არის, წლის ბოლოს კომერციული ბანკების მოგებამ ყველა რეკორდი მოხსნას და 600 მლნ ლარსაც გადააჭარბოს.

საგულისხმოა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, კომერციული ბანკების წმინდა მოგება ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2015 წელს ბანკებმა 537 394 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს. 2014 წელს - 474 808 000 ლარის მოგებით დაასრულეს, 2013 წელი - 389 132 000 ლარით, 2012 წელი -134 231 000 ლარით და ა. შ.

რაც შეეხება ისევ იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელს, ასე გამოიყურება: 2015 წლის იანვარ-აგვისტოში კომერციული ბანკების მოგება იყო 291 799 000 ლარი, 2014-ში - 258 681 000 ლარი, 2013 წლის იანვარ-აგვისტოში კომერციული ბანკების მოგებამ 231 610 000 ლარს მიაღწია, 2012-ში - 114 194 000 ლარს და ა. შ. შედეგად გამოდის, რომ ბოლო 5 წელში კომერციული ბანკების მოგება 253,4%-ით გაიზარდა.

მაღალი მოგების მიუხედავად, საბანკო სექტორი ბიუჯეტში არცთუ დიდ ფულს იხდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, შარშან ყველა კომერციულმა ბანკმა ერთად ბიუჯეტში 67 მლნ ლარი შეიტანა, 2014-ში - 79 მლნ ლარი, 2013-ში - 44 მლნ ლარი, 2012 წელს კომერციული ბანკების მოგების გადასახადმა მხოლოდ 34 მლნ ლარი შეადგინა. წელს, 8 თვეში კი ბანკებმა 46 377 000 ლარი გადაიხადეს.

სპეციალისტების განცხადებით, ასეთი მომგებიანი სექტორიდან სახელმწიფო ყველაზე მცირე სარგებელს იღებს გამომდინარე იქიდან, რომ ბანკები შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობენ. საბანკო სფერო გათავისუფლებულია მთელი რიგი გადასახადებისგან. მთლიანი საფინანსო სექტორის მიმართ დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. ამ შეღავათების მიზანია სექტორის წახალისება და ეკონომიკის ფართო დაკრედიტება. თუმცა ბანკები, არასაკმარისი რესურსისა თუ მაღალი მოგების მიღების გამო, ძირითადად, ვაჭრობას აკრედიტებენ და რეალური სექტორის დაფინანსებას ერიდებიან.

საბანკო სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ კომერციული ბანკების დაბეგვრა ცოტათი განსხვავდება სხვა სახის საწარმოების დაბეგვრისგან თუნდაც იმით, რომ იქ ხარჯებში გათვალისწინებულია რეზერვების მოცულობა. ამიტომ კომერციულ ბანკს ყოველთვის აქვს ლავირების საშუალება, რათა საკუთარი საგადასახადო ბაზა შეამციროს.

ამასთან, დღეს კომერციულ ბანკებს რამდენიმე წყარო გააჩნიათ მოგების მისაღებად. პირველ ყოვლისა, ისინი არიან კომერციული სტრუქტურები და, რა თქმა უნდა, მუშაობენ იმისათვის, რომ შემოსავალმა გადააჭარბოს მათ ხარჯს. ამის რამდენიმე არხი არსებობს, როგორც სესხების გაცემის, ასევე ღია ბაზარზე ოპერაციების თვალსაზრისით.

საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი ამბობს, რომ კომერციული ბანკების მოგების თვალში საცემი ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ბანკების აქტიურობასთან.

"როდესაც იზრდება კრედიტების მოცულობა, ასეთ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, იზრდება ბანკების შემოსავალიც. მოგების ზრდა დაკავშირებულია რეფინანსირების განაკვეთთან, ასევე ეკონომიკურ აქტივობასთან, მაგრამ ყველა ეს ფაქტორი ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ, რათა დავინახოთ, თუ რა ფაქტორმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა მოგების ზრდაზე.

საქმე ისაა, რომ ბანკებს საპროცენტო განაკვეთი არ გაუზრდიათ, ეს ძალიან კარგია და აჩვენებს იმას, თუ რამდენად იზიდავს ან გასცემს თანხას კომერციული ბანკი. როდესაც საპროცენტო განაკვეთები არ იზრდება, ბანკების შემოსავლები კი იზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი აქტიურ საქმიანობას ეწევიან ბაზარზე", - განაცხადა თოქმაზიშვილმა.

დღეს ბაზარზე იმის მოლოდინია, რომ ეკონომიკური აქტივობა უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. სავარაუდოდ, არ გაიზრდება ინფლაციაც. ასეთ დროს კი ბანკები კრედიტების გაცემას უფრო აქტიურად შეძლებენ.

"რაც შეეხება იმას, მომავალში გაიზრდება თუ არა კომერციული ბანკების მოგება, ნამდვილად ვერ გეტყვით, ამის თქმა ძალიან რთულია. ზოგადად მივესალმები ბანკების განვითარებას, გაძლიერებას, აქტივებისა და შემოსავლების ზრდას, ეს დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე და ადეკვატურად აისახება სხვა სფეროზეც", - დასძინა თოქმაზიშვილმა.

როგორც ჩანს, კომერციული ბანკების მოგება ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება და ის ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ბევრად მაღალია, ანუ ჰიპერტროფიული. თანამედროვე მსოფლიოში ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთის პროპორციულია. როდესაც საფინანსო სექტორი ვითარდება უფრო სწრაფად, ვიდრე ეკონომიკა, ის აზარალებს ამ უკანასკნელს და არ აძლევს განვითარების საშუალებას.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"