მცხეთაში ცხოველთა საკვების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

სექტემბრის ბოლოს მცხეთაში ცხოველთა საკვების გადამამუშავებელი ქარხანა ,,ინვეტ ფიდი” გაიხსნება.

როგორც საწარმოს დირექტორი დავით შალამბერიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, საჭირო ნედლეულის ძირითადი ნაწილის: ქერის, ხორბლისა და სიმინდის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.

საწარმოს დღიური წარმადობა დაახლოებით 100 ტონა მზა პროდუქციაა. დავით შალამბერიძის თქმით, პირველ ეტაპზე რეალიზაცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. პროდუქცია შეფუთული და დაფასოებული იქნება. ერთი კილოგრამი მზა საკვების ფასი კი 85-1,50 თეთრით განისაზღვრება.

,,ექსპორტი ამ ეტაპზე არ იგეგმება. მოთხოვნა საქართველოშიც საკმარისად არის. ჩვენი მომხმარებელები საშუალო და წვრილი ფერმერები იქნებიან. იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად შევძლებთ ადგილობრივი ბაზრის ათვისებას, გავაკეთებთ ექსპორტზე გათვლებსაც”, -აღნიშნავს შალამბერიძე.

საწარმოს მშენებლობა უკვე დასრულებულია. ქარხანაში ამ ეტაპზე 20 ადამიანია დასაქმებული.

საწარმოში საერთო ჯამში 700 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. "ინვეტ ფიდი” სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით სარგებლობს და 350 ათას დოლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტიც აქვს აღებული. პირის თანამონაწილეობა კი 100 ათას დოლარს შეადგენს.

ქრისტინე გამთენაძე