საქართველოსა და ლიტვას შორის როუმინგულ მომსახურებაზე ტარიფები მცირდება

საქართველოსა და ლიტვას შორის საერთაშორისო როუმინგული მომსახურების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ და ლიტვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარემ, ფელიქსას დობროვოლსკისმა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განაცხადეს, მემორანდუმის ფარგლებში საქართველოსა და ლიტვას შორის თანამშრომლობაზე მზაობა ხელმოწერით უკვე დაადასტურეს ლიტვის მობილურმა ოპერატორებმა - „ბიტე ლიეტუვამ“, „ომნიტელმა“ და „ტელე2“-მა; საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი, ასევე, მოაწერეს მობილურმა ოპერატორებმა: „მაგთიკომმა“, „ჯეოსელმა“ და „ბილაინმა“.

მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა გულისხმობს ორი ქვეყნის მობილური ოპერატორების მომხმარებლებს შორის შემომავალ და გამავალ ზარებზე, მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე და როუმინგში მობილურ ინტერნეტზე ტარიფების თანდათანობით შემცირებას, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N531/2012 რეგულაციის შესაბამისად.

საქართველოსა და ლიტვას შორის საერთაშორისო როუმინგული მომსახურების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირის ქვეყნების საერთაშორისო როუმინგის ერთიან სივრცეში საქართველოს გაერთიანებისაკენ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთანაც.