"ჩვენ თურქეთის საელჩოს მოვუწოდეთ, რომ სკოლას ქართული კანონმდებლობით გაევლო ავტორიზაცია"

კანონდარღვევით სკოლის კი არა, საერთოდ არაფრის მშენებლობა და გახსნა არ უნდა მოხდეს , - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს ბათუმში ახალი თურქული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის კომენტირებისას განუცხადა.

ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, მიღწეული იყო შეთანხმება, რომლის თანახმად, ბათუმში გახსნილი სკოლა ქართული კანონმდებლობით ავტორიზებული უნდა ყოფილიყო.

განათლების მინისტრისთვის ფაქტი, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, აბსოლუტურად მიუღებელია.

მისივე განცხადებით, ასევე მიუღებელია, რომ სკოლის მესვეურებმა გადაწყვიტეს დაწესებულების გახსნაზე განათლების სამინისტროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაეპატიჟებინათ.

„თურქეთის საელჩოს ჩვენთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ სკოლის გახსნის სურვილი ჰქონდათ, ჩვენ მათ მოვუწოდეთ, რომ ამ სკოლას ქართული კანონმდებლობით გაევლო ავტორიზაცია, ყოფილიყო ქართული სკოლა, ამაზე პრინციპში შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენ ვაპირებდით, რომ ეს სკოლა ყოფილიყო ქართული კანონმდებლობით ავტორიზებული და სრულფასოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება. ფაქტი, რომ თურმე მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელია. კანონდარღვევით სკოლის კი არა, საერთოდ არაფრის მშენებლობა და გახსნა არ უნდა მოხდეს, მით უმეტეს, სკოლის. ამიტომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აბსოლუტურად უფლებამოსილია კანონის ფარგლებში იმოქმედოს. ასევე ჩემთვის ძალიან მიუღებელია, რომ სკოლის მესვეურებმა გადაწყვიტეს არ დაეპატიჟათ განათლების სამინისტროს არც თბილისის, არც ადგილობრივი წარმომადგენელი ან ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არ არის ისე, როგორც ზოგადად საქმე კეთდება. ეთიკის, ჩვენი და თურქი ხალხის მეგობრობის კონტექსტშიც შეიძლება ვთქვათ, რომ არასწორია. მიუხედავად ყველაფრისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მოვაგვარებთ. თურქეთის დიპლომატიურ კორპუსთან და თურქეთის სახელმწიფოსთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ჩვენ ამ სირთულეს გადავლახავთ და მივიღებთ ქართული კანონმდებლობით სრულად აკრედიტებულ, გამართულ, ძალიან კარგ სასწავლო დაწესებულებას“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრმა დაადასტურა, რომ ბათუმში გახსნილი თურქული სკოლა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ავტორიზებული არ არის. თუმცა მინისტრმა იქვე აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი არაერთი სკოლაა.

მანვე ხაზი გაუსვა მოლაპარაკებებში ქართული მხარის წინადადებას.

„ჩვენ გვაქვს სკოლები, იგივე ევროპული სკოლები, რომლებმაც აირჩიეს გზა საერთაშორისო პროგრამით ასწავლონ. ფაქტიურად მათი ატესტატი ქართული სახელმწიფოს მიერ აღიარებული არ არის. ასეთი სკოლები არსებობს. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ მოლაპარაკების პროცესში ჩვენი წინადადება იყო, სკოლა ყოფილიყო ერთობლივი ანუ ქართული კანონმდებლობით გაკეთებული. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით ამას მივაღწევთ“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ბათუმის მერია ახალი თურქული სკოლისგან, რომელიც ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ გაიხსნა, მშენებლობის ნებართვას ითხოვს. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო ნებართვის უქონლობის გამო სკოლა რამდენჯერმე დააჯარიმა, მათ შორის სამმაგი ჯარიმის ოდენობით - 9 000 ლარით.

ახალი სკოლა თურქეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. გახსნის ღონისძიებას თურქეთის განათლების სამინისტროს, ასევე საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, სკოლაში სწავლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ. პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან. სწავლება თურქულ ენაზე მოხდება, სასწავლო პროგრამა კი თურქეთის განათლების სამინისტროს დაექვემდებარება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლის გახსნასთან დაკავშირებით ისინი ინფორმირებული არ ყოფილან.