დაბა ხარაგაულში სამედიცინო კლინიკა გაიხსნა

დაბა ხარაგაულში ახალი სამედიცინო კლინიკა გაიხსნა. როგორც  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს, ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, ხარაგაულის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული განყოფილება 14 საწოლზეა გათვლილი, მათ შორის 3 სარეანიმაციოა. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ კლინიკაში გეგმური და გადაუდებელი დახმარების მიღებაა შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ადგილზე ჩაუტარდებათ. მრავალპროფილიან კლინიკაში 70-მდე თანამშრომელი დასაქმდება.

მათივე ცნობით, ხარაგაულში გეგმური ამბულატორიისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებები 2015 წლის აპრილიდან მოქმედებდა. სამედიცინო კამპუსის მშენებლობისა და აღჭურვის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ პაციენტები სრული სტაციონარული სერვისებით უკვე დღეიდან ისარგებლებენ.