რატომ გადასცა მთავრობამ იუმორისტ ბესო ბერულაშვილს ბინა 1 ლარად

იუმორისტ ბესო ბერულაშვილს საქართველოს მთავრობამ საჩუქრად ბინა გადასცა.

ick.ge-ს ინფორმაციით, ბერულაშვილს ბინა პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცა. საცხოვრებლის ფართობი 140 კვ. მეტრია. სახელმწიფოს მიერ გადაცემულ უძრავ ქონებაზე ბესო ბერულაშვილის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 8 სექტემბერს დარეგისტრირდა.

რატომ გადასცა სახელმწიფომ საჩუქრად ბინა ცნობილ იუმორისტს, ამის გასარკვევად AMBEBI.GE ბესო ბერულაშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო ბესო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ 1 ლარად ბინა გაჩუქათ კანდელაკის ქუჩაზე...

- არ ვიცი რას მეუბნებით, მე აქ ვცხოვრობ დიდი ხანია. ჯერ მზადების პროცესშია ყველაფერი და წინასწარ არ მინდა ლაპარაკი.

- რა არის მზადების პროცესში?

- აქ თემა ასეთია: 7 წელია აქ ვცხოვრობ და თუ ვინმე არის ცნობილი სახე, მათ შეაგროვეს ხელმოწერები და სახელმწიფომ გადმომცა ეს ბინა საჩუქრად. რადგან მრავალსულიანი ოჯახი ვართ (იუმორისტის თქმით, ოჯახში 8 ადამიანია: ის, მისი მეუღლე, მათი შვილები სხვადასხვა ქორწინებიდან და შვილიშვილები) ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა სახელმწიფოს სთხოვეს სიმბოლურ ფასად გადმოეცათ ეს ბინა ჩემთვის და ეკონომიკის სამინისტრომ გადმომცა. ჩემი ხელფასით და ჰონორარით სამწუხაროდ ბინის ყიდვა შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ბესო ბერულაშვილისთვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელმოწერები, კულტურის სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს შეაგროვეს. როგორც ბერულაშვილი ამბობს, ის მადლობელია ყველა იმ ადამიანის ვინც მას გვერდით დაუდგა და ნანატრი ბინის მიღებაში დაეხმარა. ღარიბაშვილისადმი გაგზავნილ მიმართვაში ვკითხულობთ:

"ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერო, თქვენს სახელზე შემოსულია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვრდიის პიარის ოფიცრის ბესარიონ ბერულაშვილის განცხადება მისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონების შესახებ. გვინდა მოგახსენოთ რომ, გარდა ზემოაღნიშნულისა იგი არის ესტრადის პოპულარული მსახიობი... ჩატარებული აქვს 3000-ზე მეტი კონცერტი მათ შორის, საქველმოქმედო ხასიათისა. იგი სამაგალითო მეოჯახეა, გამოირჩევა თავმდაბლობით, თავისი ქვეყნის ერთგულებითა და უსაზღვრო სიყვარულით. არის მისი უწმინდესობის, პატრიარქის სტიქაროსანი. საცხოვრებელი ფართის დაკანონება, ამ უნიჭიერესი შემოქმედის ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან სხვა საშუალება ბინის შეძენისა არ გააჩნია" - ნათქვამია მიმართვაში რომელსაც ხელს ათობით ცნობილი სახე აწერს, მათ შორის: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, რეზო ამაშუკელი, ჯანსუღ ჩარკვიანი, პაატა ბურჭულაძე, ანზორ ერქომაიშვილი, რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია, ნინელი ჭანკვეტაძე და სხვები.

თუმცა, ბერულაშვილისთვის ბინის დამტკიცება ახლახან მოხდა. როგორც აღვნიშნეთ, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 8 სექტემბერს დარეგისტრირდა.

თამარ ბოჭორიშვილი

წყარო AMBEBI.GE