ამერიკული კომპანია  AECOM საქართველოში საქმიანობას აფართოებს

უმსხვილესი ამერიკული საკონსულტაციო კომპანია AECOM, რომელიც მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე რეალიზდება, საქართველოში საქმიანობას აფართოებს.

AECOM საქართველოში უკვე 10 წელია მოღვაწეობს და სხვადასხვა მსხვილ პროექტებშია ჩართული.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის სტივ მორისის განცხადებით, საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით კარგი ადგილია.

„გადავწყვიტეთ რეგიონში გაფართოება, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ საქართველო კარგი ადგილია ზოგადად ბიზნესისთვის. გარდა ამისა, აქ არის კარგი ადამიანური რესურსი, მათ შორის საინჟინრო რესურსი. ასე რომ, იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ მუშაობას და მივაღწევთ წარმატებას“, - აღნიშნა სტივ მორისმა.

ამ ეტაპზე AECOM სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასისა“ და რუსთაველის გამზირზე მშენებარე სასტუმრო „ჰაიატ რეგენსის“ მასშტაბურ პროექტებზე მუშაობს.

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი ამერიკული კომპანია შემოვიდეს და მეტი ამერიკული ინვესტიცია იქნას მოზიდული.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში, რაც შეიძლება ბევრი ამერიკული კომპანიის შემოსვლა, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ინვესტიციების მოზიდვაა. ძალიან მოხარული ვართ, რომ AECOM შემოდის ქართულ ბაზარზე. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ინფრასტრუქტურული კომპანია და ეს ის სექტორია, სადაც ამერიკულ კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ, დაეხმარონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების მოძიებაში“, - აღნიშნა იან კელიმ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით, ის, რომ უფრო და უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია შემოდის საქართველოში, პოზიტიურად აისახა „აიკომის“ გადაწყვეტილებაზე, გაეფართოვებინა საქმიანობა ქვეყანაში.

„AECOM ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც წარმატებულად მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და გამოირჩევა დიდი პროფესიონალიზმით. კომპანიას ამიერიდან ეყოლება მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში, უფრო მეტად ჩაერთვება მსხვილ პროექტებში, ნახავს რა შესაძლებლობებია ჩვენს ქვეყანაში და თავადაც მოიზიდავს უცხოელ ინვესტორებს საქართველოში“, - აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

კომპანია უკვე 25 წელია ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმატებით თანამშრომლობს 150-ზე მეტი ქვეყანის მთავრობებსა და კერძო კომპანიებთან. მას არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული მშენებლობის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ნავთობის ინდუსტრიისა და წყალმომარაგების სფეროებში.

ზედიზედ მეშვიდე წელია AECOM ნომერ პირველია Engineering News Record-ის „ტოპ 500 დიზაინ კომპანიის“ რეიტინგში.

Fortune 500-ის აშშ-ის მსხვილი კორპორაციების რეიტინგში კი 156-ე პოზიციაზეა. კომპანიის მსხვილ პროექტებს შორის არის მსოფლიოს სავაჭრო ცენტრი, აბუ დაბის, ჰონგ კონგის, ლოს ანჯელესისა და სიდნეის კომპლექსები.