რა ქონება დარჩებათ განქორწინების შემდეგ ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის?

ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის განქორწინების ამბავი მსახიობების გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მრავალწლიანი ოჯახური ურთიერთობების დასრულება ჯოლის ინიციატივა გახდა.

განქორწინების ხანგრძლივი პროცესი ახლა იწყება, ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაინაწილებს ყოფილი წყვილი ერთობლივ ქონებას, რომელიც ასობით მილიონ დოლარს ითვლის.

მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბრედ პიტი 240, ანჯელინა ჯოლი კი 160 მილიონი აშშ დოლარის მფლობელია. მათი ერთობლივი ქონება 400 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რის გამოც ჯოლი და პიტი ჰოლივუდის ერთ-ერთ უმდიდრეს წყვილად მიიჩნეოდნენ.

ყოფილი წყვილი რამდენიმე ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლის და აგარაკის მფლობელია. ეს არის დიდი აგარაკი ჰოლივუდში, აგარაკი საფრანგეთში, რომელიც 2012 წელს 60 მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს, ასევე აგარაკი სანტა-ბარბარაში, რომელიც 5 მილიონი აშშ დოლარი ღირს. გარდა ამისა, ბრედ პიტი 1,7 მილიონი დოლარის ღირებულების სახლის მფლობელია. წყვილს ასევე, დიდი სახლი აქვთ ახალ ორლეანშიც.

როგორც თავად ანჯელინა ჯოლიმ გუშინ განაცხადა, მეუღლისგან ალიმენტებს არ ითხოვს და მხოლოდ ის სურს, რომ ყველა ბავშვი მასთან დარჩეს. მიუხედავად ამისა, ყოფილ წყვილს ფინანსური საკითხების მოგვარება მაინც მოუწევს.