დღეს ”ქართული ღვინის კვირეული“ იწყება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მესამე წელია ქართული ღვინის დღე აღინიშნება.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, კვირეულის ფარგლებში, 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით არაერთი ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, მოეწყობა ღვინის გამოფენა-დეგუსტაციები, პრეზენტაციები, ღვინის ტურები, კინოჩვენება. თელავსა და მარნეულში გაიმართება ღვინის ფესტივალები, ჩატარდება ღვინის კონკურსი, რომლის გამარჯვებულსაც საზეიმო მიღებაზე ქართული ღვინის ორდენი გადაეცემა.

”გასულ წლებში ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს ქართული ღვინის კვირეული გაიმართება”, - აცხადებენ ორგანიზატორები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მუდმივი პარტნიორები არიან ასოციაცია ქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია.