დღეს ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთა მსვლელობა გაიმართება

„დღე ავტომობილის გარეშე“ - საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დღეს ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთა მსვლელობა გაიმართება.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში "ბიზნესპრესნიუსს" აცნობეს, სამინისტრო მხარს უჭერს ორგანიზაცია ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივას და საზოგადოებას მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთოს კამპანიაში. ამ მიზნით, მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთა მსვლელობა გაიმართება, რომელშიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომდგენლებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. მსვლელობა თავისუფლების მოედნის გავლით ვარდების მოედანზე დასრულდება, რომელსაც მუსიკალური ბენდი „დრამ სქული“ გააფორმებს.

სამინისტროს ინფორმაციით, „დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობას. „მოქალაქეები ამ დღეს თავს იკავებენ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ და ჯანსაღ ტრანსპორტს - ველოსიპედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საშუალებებს“, - განმარტავენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

აქციას ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად, “საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაცია”, “ეკო-ტრანსპორტი”, “ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, “საქართველოს საავტომობილო ფედერაცია” შეუერთდება.

„როგორ მოიქცე „დღე ავტომობილების გარეშე“ საერთაშორისო დღეს? დატოვე საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი სახლში და ისარგებლე სამოქალაქო ტრანსპორტით, ველოსიპედით, გადაადგილდი ფეხით, ეცადე გამოიყენო ნებისმიერი ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაადგილების საშუალება; თუ უარს ვერ ამბობ ავტომობილის გამოყენებაზე - მაქსიმალურად შეეცადე მოახდინო მარშრუტის ოპტიმიზაცია, წამოიყვანე თანამგზავრები, შეამოწმე საბურავებში ჰაერის წნევა, დაიცავი მანქანის „ეკოტარების წესები“; ამ დღის მხარდაჭერის მიზნით გაუკეთე მწვანე ლენტი მანქანას“, - მიმართავს სამინისტრო აქციაში ჩართვის მსურველ მძღოლებს.