სტიქიის შედეგად ოზურგეთისთვის მიყენებული ზარალი ნახევარ მილიონ ლარს აღწევს

ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი ნახევარ მილიონ ლარს აღწევს.

მათივე ცნობით, ზიანი, რომელიც ქალაქმა ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად მიიღო, საკმაოდ დიდია. მერიაში უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.

ქალაქ ოზურგეთში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. სტიქიამ რამდენიმე ქუჩაზე სახლებს სახურავები გადახადა, რის შედეგადაც საცხოვრებელი ფართები დაიტბორა. დაზიანებულია გრიშაშვილის, კალანდარიშვილის, თავისუფლების, ბაქრაძის, მოსკოვის და ნინოშვილის ქუჩებზე მდებარე სახლები.

ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე შექმნილ სიტუაციას ადგილზე გაეცნო და სტიქიისგან დაზარალებული თითოეული სახლი მოინახულა. ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილზე სტიქიის დაწყების დროიდან მუშაობდნენ.

”ძალიან ძლიერი სტიქია იყო. ქარმა და კოკისპირულმა წვიმამ თითქმის მთლიანად ახადა საცხოვრებელ სახლებს სახურავები. შეუჩერებლად მუშაობენ ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, გვეხმარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. დავითვლით ზარალს და ვნახავთ, რა ზიანი მოგვაყენა სტიქიამ”, - განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.