გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა

მალე ჩვენ სტუდენტებს შევთავაზებთ რეგიონში საუკეთესო შესაძლებლობებს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სესიის მონაწილეებს საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მშენებლობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ წელს ორი ახალი კერძო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო, რომლის სავარაუდო ღირებულება მილიარდ ევროს შეადგენს.

„მალე ჩვენ სტუდენტებს შევთავაზებთ რეგიონში საუკეთესო შესაძლებლობებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„ჩვენ შევცვალეთ ჩვენი განათლების სისტემა ისე, რომ მან სარგებელი მოუტანოს ყველა მოქალაქეს და, ზოგადად, საზოგადოებასა და ეკონომიკას. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა პროფესიული თუ უმაღლესი განათლების ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა თავისი ადგილი იპოვოს კონკურენტულ შრომის ბაზარზე. ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სტუდენტების ცოდნის მაღალ ხარისხს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გარდა განათლების სფეროსა, პრემიერმა გაეროში ჯანდაცვის სექტორზე და ამ მიმართულებით გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა დაზღვეულია და ასობით ათასი თანამემამულისთვის სამედიცინო მომსახურება პირველად გახდა ხელმისაწვდომი.

„ჯანმრთელი მოსახლეობა არსებითად მნიშვნელოვანია შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის. რამდენიმე წლის წინ ჩვენ წამოვიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის რევოლუციური პროგრამა. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა დაზღვეულია და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულისთვის სამედიცინო მომსახურება პირველად გახდა ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციების წახალისების შედეგად, ახალ კერძო საავადმყოფოებში განხორციელდა ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია.

ტესტირების რეჟიმშია ელექტრონული ფარმაცევტიკის ეროვნული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების ოპტიმიზაციას.

ჩვენი პარტნიორების დახმარებით შეიქმნა სპეციალური პროგრამები განსაკუთრებით პრობლემატურ დაავადებებთან საბრძოლველად და საქართველო სულ მალე გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება C ჰეპატიტი. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ინიციატივის ფარგლებში დახმარებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.